ფინანსები
13/02/2023

2022 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება გაიზარდა

გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება გაიზარდა. 2022 წელს მისოების წმინდა მოგებამ ჯამში თითქმის 114 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 მლნ ლარით მეტია. 2021 წელს მიკროსაფინანსო სექტორმა 98 მლნ ლარის მოგება დააგენერირა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით,მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გასული წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით 1,574 მლრდ ლარის სესხები აქვთ გაცემული, მათი ძირითადი ნაწილი ფიზიკურ პირებზე მოდის.

კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა გასულ წელს 1. 546 მლრდ ლარს შეადგენდა, 28 მლნ ლარი კი იურიდულ პირებზე მოდიოდა.

მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილი კვლავ სალომბარდეა. 2022-ში ამ ტიპის სესხების მოცულობამ 788 მლნ ლარი შეადგინა. 408 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხები, 187 მლნ ლარი - ვაჭრობისა და მომსახურების სექტორში გაცემული ფინანსური ვალდებულებები, 104 მლნ კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემული სესხები.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ბაზარზე ამ დროისთვის 36 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

Businesspartner