ტურიზმის სექტორის აღდგენამ საავიაციო ნავთის იმპორტი გაზარდა
ტურიზმის სექტორის აღდგენა საავიაციო საწვავის იმპორტზეც დადებითად აისახა. ქვეყანაში იმპორტირებული საავიაციო ნავთის იმპორტი ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 13,2%-ით, 9,4 ათასი ტონამდე გაიზარდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია ზრდა წლიურ დინამიკაში და 113,6%-ს აღწევს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის ოქტომბერში პანდემიის გამო ტურიზმის სექტორი მკვეთრ ვარდნას განიცდიდა შეწყვეტილი ფრენებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ რეგულაციების დაწესების გამო.
საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9% (6,1 ათასი ტონა) თურქმენეთიდან არის იმპორტირებული, 20,2% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან; 14,9% (1,4 ათასი ტონა) - იტალიიდან.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საავიაციო ნავთის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა უკავშირდება მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის შედეგად ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვნად მომატებულ ოდენობას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ პირდაპირაა დაკავშირებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან. კავშირში იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ ქვეყანაში 73,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთია შემოტანილი, რაც 54,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად, 11,4%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის 10 თვის მაჩვენებელს.
10 თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,9% თურქმენეთიდან შემოვიდა, მეორე პოზიციაზე 16,3%-ით აზერბაიჯანია, 14,9% - იტალია, 11,2% თურქეთიდან, 2% - საბერძნეთიდან და სხვა.