"თუ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება კატასტროფა"
“არსებული რეგულაციით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის წესებით, ბირჟის ამოქმედების ვადად განსაზღვრული არის 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, თუ მთავრობა ფიქრობს,რომ შესაძლოა კიდევ გადასაწევი გახდეს ბირჟის ამოქმედება, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება ამ საკითხს“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მან „აიპრესის“ კითხვას უპასუხა, ხომ არ არის მოსალოდნელი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადადება?
ნარმანიას განცხადებით, ეს საკითხი მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება. “ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. თუმცა, ზოგიერთ მსხვილ მომხმარებელთან, ვინც ბირჟაზე უნდა ივაჭროს, არ იყო ბოლომდე მოწესრიგებული აღრიცხვის კვანძები, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები არ იყო ყველგან დაყენებული, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ყოველსაათობრივი აღრიცხვა მოხდეს და ავტომატურად გადაეცეს ეს ყველაფერი სახელმწიფო ელექტრო სისტემაში არსებულ „ალფაცენტრს“.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის ბოლომდე ეს მოსწრებადია. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პრობლემა რაც იდგა, ეს იქნება მოგვარებული და ყველა კომპანია ასწრებს ამ 6 თვის ვადაში მოაწესრიგოს აღრიცხვის კვანძები.
მეორეს მხრივ, სახელმწიფო ელექტროსისტემა ამთავრებს კომპიუტერული პროგრამის მომზადებას, ეგრეთწოდებული პროფილირების მოდელს, რომელიც გულისხმობს ასევე მოხმარებული ენერგიის პროფილების მეშვეობით გაანგარიშებას“, – განმარტა ნარმანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბირჟას ასამოქმედებლად გარკვეული საბრუნავი სახსრები დასჭირდება, რომელიც ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ბიუჯეტში, ვინაიდან ახალი ბიუჯეტის პროექტი მომზადდება და ის პირველ იანვრიდან შევა ძალაში. იქვე უნდა იყოს გათვალისწინებული ბირჟისთვის საჭირო გარკვეული საბრუნავი საშუალებები.
„ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ამ ეტაპისთვის დგას და რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. თუ ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა ნამდვილად“, – მიაჩნია სემეკის თავმჯდოამრეს.
„აიპრესის“ კითხვას – ხომ არ ვჩქარობთ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას, ნარმანიამ უპასუხა, რომ არ ვჩქარობთ. როგორც მან განმარტა, ევროპელი პარტნიორები, მათ შორის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც მონიტორინგს უწევს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებს, ამბობენ, რომ დროულად უნდა გაიხსნას ბირჟა, ვინაიდან ბირჟის გახსნა ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაზრის გახსნისთვის. სწორედ ამიტომ, თავიდანვე მათ მიერ იყო განსაზღვრული, რომ ბირჟა 1 ივლისიდან შესულიყო ძალაში, – აზუსტებს ნარმანია.
„პროცესში, ბუნებრივია, ხდებოდა მათი ინფორმირება რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. იგზავნებოდა ყველა სათანადო ინფორმაცია. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რეფორმის ეტაპები, მთლიანად რეფორმა, კარგად მიმდინარეობდა. იცოდნენ ისიც, რომ სისტემა ბოლომდე არ იყო მზად. სწორედ ამიტომ მოხდა ეს გადავადება. ასე, რომ თუ კიდევ გადავადება იქნება გადაწყვეტილი, ამას ისევ დასჭირდება ჩვენი პარტნიორების სრულად ინფორმირება და მათთვის დამაჯერებლად ახსნა, თუ რატომ არის კიდევ მეტი დრო საჭირო რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის სრულფასოვნად გასაშვებად.
დღემდე ძალიან ბევრი სამუშაოა უკვე განხორციელებული, როგორიც არის ის, რომ ბირჟამ პლატფორმა შეიძინა ევროპელებისგან და ეს პლატფორმა უკვე ადაპტირებული და აპრობირებულია. ტრენინგები ჩატარებულია, საცდელი ვაჭრობები გამართულია და ახლაც პერიოდულად იმართება, რათა ბაზრის მონაწილეები მიეჩვიონ ვაჭრობის წესებსა და პროცედურებს. ესენი არიან ერთის მხრივ ენერგიის გამყიდველები და მეორეს მხრივ მსხვილი მომხმარებლები, რომლებმაც მომავალში სწორედ ბირჟაზე უნდა შეძინონ ენერგია.
ასე რომ, ეს ყველაფერი მუშა პროცესია და მიმდინარეობს კიდეც ეს პროცესი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ipress.ge