"თუ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ვიმსჯელებთ მის შემდგომ გადავადებაზე"
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება.
„საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას და მომდევნო კვირის ბოლოს უკვე კონკრეტულად მხოლოდ ენერგეტიკული ბირჟის თემაზე შედგება საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამუშაო შეხვედრის ფორმატში. ამდენად, სადღეისოდ, საბჭოს, საკითხთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია არ გააჩნია“, – აღნიშნა მან.
მან ასევე განმარტა, რომ სადღეისოდ ვერ ხედავ იმ რისკს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების თარიღი, რომელიც ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, მთავრობის დადგენილებით უკვე გადავადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე, კიდევ უფრო გადაიწევს. სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი და სწორედ ამ გადასახედიდან უნდა გაეცეს მას პასუხი.
„არის საუბრები, რომ შესაძლოა ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების უფრო ხელსაყრელ დროს გადადება გახდეს საჭირო, რამდენადაც სარისკოა 1 იანვარს, ყველაზე დეფიციტურ პერიოდში, ბირჟის საქმიანობის დაწყება. მე დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხს განვიხილავ, როგორც ტექნიკურ საკითხს და ვფიქრობ, მას პასუხი სწორედ ამ გადასახედიდან უნდა გაეცეს.
ზოგადად, აქ მთავარი ის არის, რომ ენერგეტიკული ბირჟის იდეა, თავის თავში გულისხმობს უფრო უკეთესი გარემოს შექმნას, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის. თუ გამოიკვეთება, რომ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება წარმოშობს ახალ გამოწვევებს, ცხადია, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. თუ იქნება სათანადო არგუმენტები, თუ რა დამატებით პრობლემებს შექმნის ბირჟის ამ დროს ამოქმედება, როგორც ახლა გადავადდა 6 თვით, ისე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ დღეის მდგომარეობით, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რისკი არ ჩანს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მან ასევე განმარტა, თუ შემდგომშიც რაზე იქნება დამოკიდებული პარლამენტის კომიტეტის პოზიცია ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადებას იმიტომ, რომ დავინახეთ – არ იყო სათანადო მზაობა მონაწილე სუბიექტების მხრიდან. შემდგომშიც, კომიტეტის პოზიცია იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კონკრეტული მომენტისთვის, ანუ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის, რამდენად მზად იქნება საკუთრივ ბირჟა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რამდენად მზად იქნება კერძო სექტორი. ჩვენთვის ეს იყო და რჩება როგორც უმთავრესი და ამოსავალი კრიტერიუმი, როცა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღზე ვმსჯელობთ“, – დააზუსტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ipress.ge