ენერგეტიკა
22/03/2021

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტი და პერსპექტივა საქართველოსთვის

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტის განხორციელება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ამჯერად ის ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ბრიუსელში რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

საუბარია „საქართველოს ელექტროსისტემის“ პროექტზე, რომლის მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალმა 1200 კილომეტრიანმა კაბელმა ერთმანეთთან ჩვენი ქვეყნისა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი მუდმივი დენის კაბელი უნდა იყოს.

იმის გარკვევას, თუ რამდენად რეალურია პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რა პერსპექტივებს სთავაზობს ის ქვეყანას და რა ვადებში უნდა ველოდოთ საქართველოს მიერთებას ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, „ბიზნესპარტნიორი“ საქართველოს ელექტროსისტემაში შეეცადა.

სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, პროექტის დეტალებსა და მიზნებზე საუბრობენ.

„პროექტი, რომელიც ამჯერად შესწავლის პროცესშია, მიზნად შავი ზღვის გავლით საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემების დაკავშირებას ისახავს. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს უნდა იყოს 500 კილოვატიანი მუდმივი დენის კაბელი დაახლოებით 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანობით. აღნიშნულ ძალოვან/ელექტროენერგეტიკულ კაბელში შესაძლებელია დაინსტალირდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც, რომელიც ტელეკომუნიკაციის/ინტერნეტ არხის ჩამოსაყალიბებლად დამატებით პირდაპირ საშუალებას მოგვცემს. ამასთან პროექტის განხორციელების რამდენიმე მიზანი არსებობს. მათ შორისაა, საქართველოს ენერგოსისტემის პირდაპირი დაკავშირება ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ქსელთან; საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტის პოტენციალის ზრდა და დივერსიფიცირება; ელექტროენერგიით ვაჭრობის დამატებითი შესაძლებლობების წარმოქმნა საქართველოსა და რუმინეთის/ევროპულ ორგანიზებულ ბაზრებს შორის. ასევე კონკურენცის ზრდა ქარისა და სხვა განახლებადი გენერაციის პროექტების მხარდაჭერა; საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება; ტელესაკომუნიკაციო ტრაფიკის დამატებითი პირდაპირი არხის ფორმირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას/ცენტრალურ აზიას შორის“,- განმარტავენ „საქართველოს ელექტროსისტემაში“.

პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 10 წელია.

„ზღვისქვეშა კაბელის პროექტები ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტებად ითვლება. მით უფრო ეს პროექტი შავი ზღვის სპეციფიკისა და სიგრძის გამო. მოსალოდნელია, რომ კვლევის, პროექტირებისა და განხორციელებული ჯამური პერიოდი დაახლოებით 10 წელს შეადგენს“,- ნათქვამია კომპანიის პასუხში.

„საქართველოს ელექტროსისტემაში“ ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება ქვეყნის ენერგოსისტემის მნიშვნელობა და სატრანზიტო შესაძლებლობები.

„შავი ზღვის კაბელის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება საქართველოში გენერირებული, ან მეზობელი ენერგოსისტემიდან (მაგალითად, აზერბაიჯანიდან) მოწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა ევროპის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის“,- აღნიშნავენ კომპანიაში.

აქვე, ამბობენ, რომ პროექტით უკვე არაერთი საერთაშორისო პარტნიორია დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა მხოლოდ რუმინელ კოლეგბთან მიმდინარეობს.

„პროექტის მიმართ დაინტერესებას უკვე მთელი რიგი საერთაშორისო კომპანიები გამოხატავენ, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე პროექტის სრულყოფილ და დეტალურ კვლევაზე რუმინელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ. პროექტის დამუშავებაში გვეხმარებიან USAID-ისა და USEA - ს ექსპერტებიც. შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება კვლევის შედეგებზე და ჩართული სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებაზე“,- აცხადებენ „საქართველოს ელექტროსისტემაში“.

პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ის სამომავლოდ კომერციულად მიმზიდველიც იქნება.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელია. ის, ალბათ, აღჭურვილი იქნება შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ეს ერთობლიობაში ამ პროექტს გახდის არა მარტო სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველსაც. ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ამაზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტშიც. ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება კი ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია, რაშიც ევროკავშირი გვერდით გვიდგას. ამოცანა კი ის არის, რომ შემდგომში ჩვენი მწვანე ენერგია ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით მიეწოდოს ევროკავშირს, რომელიც თავის მხრივ ნულოვანი ემისიების რეგულაციებამდე ისწრაფვის“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შავი ზღვის ფსკერზე მაღალძაბვიანი კაბელის გატარების პროექტი, შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების წინაპირობაც გახდეს. ამას გარდა, როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, პროექტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ის საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობამდე მისვლას შეუწყობს ხელს.

„თუ განხორციელდა ეს მართლაც ისტორიული პროექტი იქნება. რამდენიმე ასპექტის გამო. პირველი, ტექნიკური საშუალებებისა და შესაძლებლობების დივერსიფიკაციას გავაკეთებთ და ბევრად უფრო გავზრდით. ანუ, სადღაც ლიმიტი რომ არ გვყოფნის, კიდევ ერთი დამატებითი გადამცემი ხაზი გვექნება, რომელიც ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან დაგვაკავშირებს. ის შეიძლება, საკმაოდ მსხვილი მომწოდებელი იყოს ჩვენთვის.

მეორე, ეკონომიკური ნაწილია. ჩვენი იმპორტიორებისა და მეზობლების დივერსიფიცირებას შევძლებთ. შესაძლოა, ამან ელექტროენერგიის ფასის შემცირებაც გამოიწვიოს. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფასწარმოქმნის განჭვრეტადობას შევძლებთ. ანუ, გვეცოდინება ლოგიკა და წინასწარ შეგვეძლება შესაბამისად დაგეგმვა. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოგვცემს. ეს მიგვიყვანს პოლიტიკურ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი მეზობლების პოლიტიკური დამოკიდებულებებისგან თავს დავაღწევთ. განსაკუთრებით, ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის შემთხვევაში, რომელმაც ეს ეკონომიკური ბერკეტი, შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“,- აღნიშნა აბრამიშვილმა.

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევრო იქნება. ერთობლივი პროექტი „საქართველოს ელექტროსისტემამ“ და რუმინულმა „ტრანსელეკრტიკამ“ ევროპის ენერგოგაერთიანებაში გასული წლის მარტში დაარეგისტრირეს.

 

Businesspartner