ენერგეტიკა
20/05/2021

საქართველოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ამოქმედდება

საქართველოს მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ექნება.

კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ 440 კვტ სიმძლავრის სადგურს პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების საწარმოს „ალფა-პეტის“ სახურავზე განათავსებს.

პროექტს მასშტაბურობის გარდა მასში გამოყენებული ახალი თაობის მზის პანელებიც გამოარჩევს, რომელთა სიმძლავრეც თითქმის 500 მგვტ-ს აღწევს. დღევანდელი ტარიფების პირობებში უკუგების პრიოდი 4-დან 5.5 წლამდეა ნავარაუდევი, სწორედ ამ ვადის შემდეგ საწარმოს ენერგომოხმარება, შეიძლება ითქვას, რომ გაუნულდება.

"ჰელიოს ენერჯიში" აცხადებენ, რომ ერთი მხრივ, ენერგოდეფიციტის, მეორე მხრივ კი გაძვირებული ელექტროენერგიის პირობებში, ინტერესი ალტერნატიული წყაროების, მათ შორის, მზის ენერგიის მიმართ, წლიდან წლამდე მზარდია.

"პროექტი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ მასშტაბის მზის ელექტროსდგური საქართველოში ჯერ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი სიმძლავრის სადგურების დადგმას ვაპირებთ. მსგავსი მასშტაბის პროეტტებში 1 კვტ დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით, 550-დან 650 დოლარამდე ჯდება,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ “ჰელიოს ენერჯის“ დაფუძნებელი, თორნიკე დარჯანია.

შეგახსენებთ, რომ Helios Energy საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას 2021 წლის დასაწყისთვის საერთო ჯამში, დაყენებული აქვს 1,2 მეგავატის სიმძლავრის სადგური, რომელიც წლიურად 1 560 000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

Businesspartner