საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს.
"უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ იქნება.
შეგახსენებთ, რომ "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ მშენებლობაზე, ინვესტორმა "სოლარ ფაუერ ჯორჯიამ“ კვლევა გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა, მშენებლობის დაწყება კი 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა, ელექტროსადგურის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განმარტებით, პროექტის შეფერხების უმთავრესი მიზეზი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო.
"მზის პროექტები, ზოგადად, მოითხოვს დიდ ტერიტორიას. დაახლოებით, 1.5 - 2 ჰექტარი სჭირდება 1 მგვტ-ს, რაც საქართველოს პირობებში რთული მისაღწევია, მით უფრო, თუ საუბარია ისეთ დიდ პროექტებზე, როგორებიცაა მაგალითად, 50-100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. რაც შეეხება "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტს, ის უნდა აეშენებინა კერძო ინვესტორს, რომელსაც პარტნიორები ჰყავდა პოლონეთში. თუმცა, მათ ვერ მოიძიეს შესაბამისი დაფინანსება. ვგულისხმობ როგორც საკუთარ კაპიტალს, ასევე ბანკებიდან სესხების აღებას. მიზეზი კი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო. ყველგან ისმოდა ეს კითხვა - რა ფასს მიიღებს, როცა ბაზარზე ივაჭრებს ეს სადგური. თუმცა, ამ პრობლემის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით, ვინაიდან 2021 წლიდან გვექნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც აღარ იმოქმედებს გარანტირებული შესყიდვების ტარიფი და იქნება საბაზრო ფასწარმოქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა დაითვალოს ელექტროენერგიის ტარიფი და შესაბამისად, სამომავლო პროგნოზი გააკეთოს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, 2025 წლისთვის, 900 მგვტ მზის და ქარის ენერგია აწარმოოს და ქსელს შეუფერხებლად მიაწოდოს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ამ მაჩვენებლების მხოლოდ 3%-ია ათვისებული.