საქართველოს ენერგორეფორმა KFW-მ, AFD-მ და EU-მ €563 მილიონით დააფინანსეს
2018-2021 წლებში ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი რეფორმებისთვის საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KFW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) და ევროკავშირისგან € 563 მილიონის დაფინანსება მიიღო.
არსებული პარტნიორობის გაგრძელების ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. KFW-ს, AFD-ს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) მონაწილეობით გაფორმებული „განზრახულობათა დეკლარაციის“ მიზანი ენერგეტიკისა და მწვანე სექტორებში მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმების მულტინაციონალური და საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელებაა.
„უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამების წარმატებული სერიების შემდგომ, განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერა გზას უხსნის საქართველოს კიდევ უფრო ღრმა, ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმების პაკეტისკენ. ეს ნაბიჯი ასახავს სანდო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებსა და ევროპის გუნდის წევრებს შორის“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოს მიერ მწვანე სექტორებში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კალასი.
„დღევანდელი ხელმოწერა ადასტურებს საქართველოს მთავრობის მზადყოფნას რეფორმის სრულად განხორციელების, მისი ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრის, მწვანე ეკონომიკის რელსებზე საიმედო გადასვლის ხელშეწყობის, რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის პლატფორმად ჩამოყალიბების და ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის. საქართველო ენერგეტიკული სექტორის ისეთი რეფორმებისკენ დგამს ნაბიჯებს, რომლითაც ევროკავშირის მსგავსად მიიწევს ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრისკენ და ინარჩუნებს ტრანსფორმაციული, პროგრესული და რეფორმატორი ქვეყნის იმიჯს, რასაც საბოლოოდ მიჰყავს ევროკავშირის სტანდარტებისკენ და ევროპასთან გაძლიერებული კავშირებისკენ“,- აღნიშნა მან.
ევროკავშირის დელეგაციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყანას „ევროპის მწვანე ინიციატივასთან“ დაახლოვებს.
„გვიხარია, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორებთან ვაგრძელებთ მუშაობას „ევროპის მწვანე შეთანხმების“ მიზნების შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობის მზაობა მნიშვნელოვანია, ჩვენი დახმარებით ქვეყანაში დადებითი კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა.