ენერგეტიკა
03/06/2021

საქართველომ მაისში ექსპორტზე 130.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა

საქართველომ მაისში ექსპორტით 130.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.

უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, სადაც ექსპორტმა 67.68 მლნ შეადგინა.  აზერბაიჯანში 18.14 მლნ კვტ.სთ-ს გატანა მოხდა, ხოლო სომხეთში 44.98 მლნ კვტ.სთ-ის.

პროგნოზით, მაისში საქართველოს უცხოეთში 50 მლნ კვტ.სთ უნდა გაეტანა, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი საპროგნოზოზე 2.6-ჯერ მეტი აღმოჩნდა.

ასევე პროგნოზით, წელს ექსპორტზე 350 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანაა ნავარაუდევი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელს გაკეთებულ საპროგნოზო მოცულობას - 650.8 მლნ კვტ.სთ-ს მკვეთრად ჩამორჩება, ის მაინც 2-ჯერ მეტია 2020 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე (153.7 მლნ კვტ.სთ).

განახლებული პროგნოზით, ელექტროენერგიის ექსპორტი მაისიდან დაიწყო. ივნისში 185.1 მლნ, ხოლო ივლისში 106.3 მლნ. კვტ.სთ ექსპორტია დაგეგმილი.

ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ ზაფხულის თვეებშია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის შიდა მოხმარება დაკმაყოფილებულია. ბოლო წლებში ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 2017 წელს განხორციელდა - 685.7 მლნ, შემდეგ წლებში კლებაა, მათ შორის 2020-ში ექსპორტი 153.7 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

 

Businesspartner