ენერგეტიკა
17/06/2023

რომეო მიქაუტაძე: მოვუწოდებთ ბიზნესს, რომ სიმძლავრის აუქციონებში იაქტიუროს

ეკონომიკის სამინისტრო განახლებადი ენერგიების წყაროებში ინვესტიციების წასახალისებლად, სიმძლავრის მეორე აუქციონს ივლისში გამოაცხადებს.

ამჯერად, აუქციონი ჯამში, 600 მგვტ დადგმული სიმძლავრის პროექტების განხორციელებაზე გამოცხადდება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირველის მსგავსად, მეორე აუქციონიც წარმატებული იქნება. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, ინტერესი, რაც ამ საკითხის გარშემოა. ჩართულობა კერძო სექტორის, ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია - აინტერესებთ რა ხდება, როგორ ვუყირებთ ამ დარგის განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ინტერესი თანხვედრაშია ამასთან. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, რომ უფრო მეტად იაქტიურონ“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, 600 მგვტ-ის პროექტები დაყოფილი იქნება რამდენიმე ტექნოლოგიიდან ენერგიის მიღებაზე. მათ შორის იქნება: ჰიდრო, მზე, ქარი და სხვა არატრადიციული განახლებადი ენერგიების წყაროები.

„იმის გათვალისწინებით, რომ პირველი აუქციონის დროს ამ არატრადიციული განახლებადი ენერგიებიდან მხოლოდ ერთი განაცხადი იყო და კონკურენციის არარსებობის გამო ვერ მოხდა სიმძლავრის ათვისება, მოვუწოდებთ ბიზნესს, რომ ამ კუთხითაც - სხვა ტექნოლოგიებშიც იაქტიურონ, უფრო მეტი შემოთავაზებები იყოს და შევძლოთ ის, რომ ამ მიმართულებითაც ახალი ცოდნა გავაჩინოთ ქვეყანაში, დამატებითი ღირებულება შევქმნათ სხვადასხვა დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში ბიომასის კუთხით. ეს უნდა დავიწყოთ აუცილებლად. ეს ტექნოლოგია კარგად მუშაობს უცხოეთში, ამის მაგალითები არსებობს და მეწარმეებს უნდა მივცეთ საშუელება, რომ ამით ისარგებლონ“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

Businesspartner