"პირდაპირი მომხმარებლები საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენას უფრო იაფად შეძლებენ"
პირდაპირი მომხმარებლები საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენას უფრო იაფად შეძლებენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტიორთან“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, 1 ივლისიდან 19 კომპანია გავიდა თავისუფალ ბაზარზე და ელექტროენერგიას ყიდულობენ ჰესების, იმპორტიორებისგან ან ესკოს-გან.
„საბალანსო ენერგია ეს არის ესკოს მიერ რამდენიმე წყაროდან შეძენილი და ასე ვთქვათ, დამიქსული ენერგია. მაგალითად ჰესებიდან, იმპორტიდან, ასევე იმ მწარმოებლებისგან, ვისთანაც სახელმწიფოს აქვს გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება. ესკო ასეთი წყაროებიდან კრებს ენერგიას და გამოჰყავს საშუალო თვიური ფასი და ამ ფასად აწვდის ელექტროენერგიას მსხვილ მომხმარებლებს“, - განმარტა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სარგებელი უფრო ხელშესახები გახდება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ, სადაც ელექტროენერგიის ფასი და შეძენა დღით და საათობრივად იქნება შესაძლებელი. ასეთ დროს, პიკის საათების გარდა, ელექტროენერგიის ფასი უფრო იაფი იქნება. თავად ენერგეტიკული ბირჟა კი, სავარაუდოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
რაც შეეხება დღეისათვის პირდაპირი მომხმარებელებისთვის ელექტროენერგიის ღირებულებას ის სემეკის ტარიფებისგან განსხვავებით 4-5%-ით იაფი იქნება.
„უნივერსალური მიმწოდებლებისთვის ჩვენ დავადგინეთ ტარიფები „თელმიკოსთვის“ 18.12 თეთრი და „ეპ ჯორჯიასთავის“ 18.034 თეთრი. თითქმის თანაბარია. ესკოს საბალანსო ბაზარზე შესასყიდი ფასი კი, 2021 წლის ბოლო 6 თვის პროგნოზით, 17.43 თეთრია ნავარაუდევი, ანუ 4-5 % უფრო იაფი იქნება ენერგიაზე ფასი უნივერსალური მიმწოდებლებისთვის დადგენილ ტარიფთან შორის. დარწმუნებული ვარ კურსი და სხვა ფაქტორები ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს და ეს სიკეთე მსხვილი მომხმარებლებისთვის რეალურად იქნება შენარჩუნებული“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, 1 ივლისიდან ესკომ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი 19 კომპანია დაარეგისტრირა, რითაც პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ეს კომპანიები ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულებებით უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სისტემის კომერციული ოპერატორისგან (ესკო) ყიდულობენ.
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო წესით თავისუფალ (როგორც საბითუმო ასევე საცალო) ბაზარზე გავიდნენ 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული თვეში საშუალოდ 0,4 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების მსხვილი მომხმარებლები.
2022 წლის 1 ივლისიდან – 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებული თვეში საშუალოდ 1 მლნ კვტ.სთ -ზე მეტი მოხმარების მქონე მომხმარებლებიც ასევე პირდაპირი მომხმარებლები გახდებიან.
რაც შეეხება სხვა მომხმარებლებს, რომლებიც თვეში 1 მლნ კვტ.სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ 2026 წლამდე უფლებამოსილი არიან მიიღონ ელექტროენერგია კომისიის მიერ რეგულირებული სამომხმარებლო ტარიფით საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით.
ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2021 წელს პირდაპირი მომხმარებლები ჯამში 3.12 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარენ.