ენერგეტიკა
17/05/2023

ნეტო აღრიცხვის პროგრამაში უკვე 700-ზე მეტი აბონენტია ჩართული

ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბონენტი ერთვება და დადგმულმა სიმძლავრემ უკვე 40 მეგავატს მიაღწია.

როგორც ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომისიაში აცხადებენ, მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელიწადში შეინიშნება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ნეტოაღრიცხვის სისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს სისტემაში ჩართული აბონენტების რიცხვი ჯამში 700-ზე მეტია.

"ჩვენ დავხვეწეთ სისტემა და კიდევ უფრო მეტი ხელშემწყობი მექანიზმები შევიმუშავეთ. თავდაპიორველ ეტაპზე, შედარებით მცირე ტიპის ობიექტების მიერთება ხდებოდა, საიდან გამომდინარეც უფრო საკუთარ მოხმარებაზე ორიენტირებული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ დადგმული სიმძლავრე 100-დან 500-კილოვატამდე გავზარდეთ, გაიზარდა ასევე შედარებით მსხვილი ობიექტების მიერთების ნაწილიც, სადაც არის, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის დაყენებული სისტემები, ასევე ქსელსაც აწვდიან და ქსელისთვის დამატებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმძლავრეები იქმნება," - აღნიშნავს  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

როგორც კომპანია Helios Energy-ში აცხადებენ, ეს არის ერთადერთი რეგულაცია რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა.

"ჩვენ მაგალითად შარშან დაახლოებით 8 მეგავატის მზის ელექტროსადგურები დავდგით. ამასთან,  ორი მიმართულებით უნდა ვთქვათ სარგებელი, პირველი ეს არის მომხმარებლის სარგებელი, რომელიც აყენებს ამ სისტემას და ენერგოდამოუკიდებლობა და ხარჯებისგან გათავისუფლებაა შესაძლებელი. არის ქსელის განტვირთვის ფაქტორიც, რადგან ჩვენ თუ გვექნება ლოკალური გენერაციები, მაგალითად მზის ელექტროსადგური დგება იქ, სადაც ხდება მოხმარება, ამ შემთხვევაში ქსელში მცირდება დანაკარგები, იმიტომ რომ მოხმარება ხდება ადგიულობრივად და ქსელზე დატვირთვა მცირდება. ეს თავისთავად დამატებით ბენეფიტია, რასაც იღებს ზოგადად ელექტროსისტემა."-ამბობს Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის და ამ მხრივ არსებული პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დიდი, ასევე მიკრო ჰესების არსებობა და 2016 წლიდან ამ პროცესის წახალისების მიზნით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ნეტო აღრიცხვით რეგულირება, რაც ნიშნავს რომ თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, გარდა იმისა რომ გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე გამოიმუშავებთ სუფთა ენერგიას, პარალელურ რეჟიმში ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია შეგიძლიათ გამანაწილებელ ქსელს მიაწოდოთ.