ენერგეტიკა
01/12/2021

ნათია თურნავა: Inter Rao-სთან დავის მიუხედავად, მომხმარებლისთვის ტარიფები არ უნდა გაიზარდოს

Inter Rao-სთან მიმდინარე დავის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ მომხმარებლისთვის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს.

"მიგვაჩნია, სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის" გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები", - განმარტა ნათია თურნავა.

მინისტრის შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.

„სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.

Businesspartner