ნამახვანჰესზე გაფორმებულ ხელშეკრულებას CMS Cameron McKenna Nabarro Olswang-ი შეისწავლის
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის.
კომპანია იუსტიციის სამინისტრომ კონკურსის საფუძველზე გამოავლინა. სამინისტროს გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ CMS გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მათი გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით.
"კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში (აზერბაიჯანი, რუსეთი).
კომპანია პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად წარმოდგენილია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც. ამ ეტაპზე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის CMS -ს ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვთ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
იქვე ნათქვამია, რომ CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP ლიდერი საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაა, რომლის ფილიალები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით – 40-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 1 100 პარტნიორი და 5000-მდე იურისტი; ხოლო, კონკრეტულად ენერგეტიკული მიმართულებით, იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ CMS დასახელებულია როგორც საუკეთესო კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Projects & Energy მიმართულებით. კომპანია 30 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს როგორც ბიზნესის, ისე, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჩართულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იგი 2021 წელს დასახელებული იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ფირმად (CEE Law Firm of the Year).