ენერგეტიკა
29/06/2021

ნამახვანჰესის კონტრაქტის შესაფასებლად მთავრობა $70800-ად საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს

„ნამახვან ჰესის“ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია შეაფასებს.

ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად 70800 აშშ დოლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება.

შეფასება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მოხდება.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით (800 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია) ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური (433 მგვტ) პროექტია. პროექტის წარმატებით რეალიზება მეტად ღირებულ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პროცესების განვითარებაში.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების პირობები. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა შეჩერდეს; პროექტის შეჩერება კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით.

ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციაში.

ნამახვანჰესის თემას გამოეხმაურა გასულ კვირას პრემიერიც.

„არის პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს... ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ევროპული კომპანია ჩაატარებს შეთანხმების აუდიტს და თუ კიდევ დამატებითი მიუღებელი ასპექტები გამოვლინდება, კონტრაქტი გადაიხედება.

 

Businesspartner