ენერგეტიკა
05/11/2021

მწვანე წყალბადის წარმოების რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს - პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება, - საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) განზრახულობათა დეკლარაცია გააფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შედეგად საქართველოში განხორციელდება საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას.

„გერმანიის მთვარობასთან თანამშრომლობის მორიგი ეტაპი იწყება, საქმე ეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებს მწვანე ენერგეტიკაში. ეს არის მწვანე წყალბადი - უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის - გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.

„შედეგად, შესაძლებელი იქნება ენერგიის ტრანსპორტირება განახლებადი ენერგიის პროექტებით გაჯერებული რეგიონებიდან ენერგეტიკული დეფიციტის მქონე რეგიონებში. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ ტექნოლოგიას რეალობად აქცევს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა შეთანხმებას ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევას ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაზე.

მაშინ EBRD აცხადებდა, რომ საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. 

„საქართველო დგამს დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს,“ - ნათქვამი იყო EBRD-ის გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner