მწვანე გრანტებზე ფერმერთა განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალები და პირობები
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლების მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო.
ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე 8 ოქტომბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას (sSWH/sSAH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10% - ით;
ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% - ით;
შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30% -ით; შენობის
სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% -ით.~
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.