მაისში შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყება
ავსტიული კომპანია OMV Petrom 2022 წლის მაისში შავი ზღვის შელფზე გემის შემოყვანას და ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, კომპანია ამ ეტაპზე ძებნა-ძიების ფაზაზეა, გემის შემოყვანის შემდეგ კი მასშტაბურ კვლევებს დაიწყებს, მათ შორის 3D და ორგანზომილებიანი სეისმურ კვლევებს. ძებნა-ძიების სამუშაოების საერთო ღირებულება 30 მლნ დოლარია.
სახელმწიფომ ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან 2021 წლის აპრილში გააფორმა. ხელშეკრულებით OMV Petrom-ს საქართველოში 7 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს განსაზღვრული.
შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მარაგების შესახებ კვლევა 2000-იან წლებში ამერიკულმა კომპანია „ანადარკომაც“ ჩაატარა და გამოთქვა ვარაუდი, რომ 2.8 მლრდ ტონა ნავთობის ამოღებაა შესაძლებელი. თავის მხრივ, OMV Petrom ელის რომ შავ ზღვაში გაცილებით დიდი მარაგებია, ვიდრე ეს თავდაპირველად „ანადარკოს“ ჰქონდა შეფასებული და ეს საბადო მათ მიერ რუმინეთში აღმოჩენილ მარაგებს არ ჩამოუვარდება.