ლევან დავითაშვილი "ენკასა" და "ნამახვანჰესზე": პროცესი საკმაოდ რთულია
"ნამახვანჰესის" ასაშენებლად რა სამომავლო გეგმებია "ენკასთან" დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან პროცესს რთული მიმდინარეობა აქვს.
"ენკასთან" დაკავშირებით როგორ შეიძლება დღეს რაიმე პასუხი გავცეთ. პროცესი საკმაოდ რთულია, არ არის მარტივი. "ენკას" თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ, მათ გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცეებს ვითვალისწინებდეთ, რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ. ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესისპროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწდვით, როგორც არ უნდა გვინდოდეს. პროცესი თავის თავში მოიცავს ბევრ ელემენტს, ჩართული გვყავს საექსპერტო კომპანიები, იურიდიული კომპანიები, ასევე სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, რომლებსაც პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. არსებობს სასამართლო პროცესები. ეს კომპლექსური საკითხია. დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც საზოგადოებას ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება თვითონ "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების საკითხს და მის მოწინააღმდეგეებს, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის მზადაა.
"ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის, დღესაც მზად ვარ, თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასოდეს ვერ იქნება და განმსჯელი ამა თუ იმ ნაწილში, შეფასების კუთხით, ვერ იქნება უბრალოდ ენთუზიასტი ადამიანი, ჩემის ჩათვლით. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ აზრის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით პლატფორმა, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ექსპერტებთან ერთად. ამავე დროს შეიქმნა პლატფორმა, ევროპის ენერგეტიკული კავშირის მეშვეობით. ეს არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით არის გამოცდილი. მათ აქვთ გამოცდილება ბევრ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ეწარმოებინათ მედიაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავინახეთ რიონის მცველების ენთუზიაზმი. ვთხოვდით, ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა და არა პირისპირ დავმსხდარიყავით, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს. მაგრამ თუ ვსაუბრობთ მაგალითად უსაფრთხოების საკითხებზე, გარემოს ზემოქმედების საკითხებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე, და ა.შ. აქ სწორ ფორმატში უნდა დავსხდეთ, რომლის მონაწილეებიც ექსპერტები არიან",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა $800 მლნ-იანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელებაზე თქვა უარი. ENKA Renewables-მა ასევე განაცხადა, რომ საქმე არბიტრაჟში გადაინაცვლებდა.
ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.
მას შემდეგ, მთავრობამ არაერთგზის განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს და ის სახელმწიფოს დიდი ჩართულობით განხორციელდეს, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტყილება ამ განცხადებას ჯერ არ მოყოლია.