ენერგეტიკა
02/12/2021

კახა კალაძე: სახელმწიფოს Inter Rao-სთან დავა არ წაუგია, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია

კახა კალაძე აბსურდს უწოდებს ოპონენტების ბრალდებას რუსულ კომპანია Inter Rao-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება გაზის ტარიფს და დავას, რომელიც საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს რუსულ კომპანიასთან დაკავა არ წაუგია და ეს სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა, ამავდროულად ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრბულია ზედა ინსტანციაში.

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე. როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ  მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 

„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან დავა გრძელდება

„სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი.

სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში .

შეგახსენებთ, რომ საარბიტრაჟო დავა Inter Rao-სთან 2017 წლიდან მიმდინარეობს.

Businesspartner