ენერგეტიკა
23/04/2021

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება - რა იცვლება ბაზრის მონაწილეებისთვის

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება.

ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი.

„პირველი ივლისიდან ბაზრის გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ბაზარზე 23 ახალი მომხმარებელი გავა. ისინი ელექტროენერგიას აღარ შეისყიდიან უნივერსალური მიმწოდებლებისგან რეგულირებული ფასით და დაექვემდებარებიან სრულად საბაზრო რეგულირებას. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ელექტროენერგია იყიდონ ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ან ენერგეტიკულ ბირჟაზე ან ნებისმიერ სხვა ორგანიზებულ ბაზარზე,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე განმარტებით, 2026 წლისთვის მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტუულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.

„დაგეგმილია, რომ 2026 წლისთვის ყველა მომხმარებელი გარდა მცირე ბიზნესისა და მოსახლეობისა იქნება კონკურენტულ ბაზარზე გასული. უკვე მუშავდება მთავრობის დადგენილება მცირე ბიზნესის განმარტებასთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ კრიტერიუმები იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. ამ სტატუსის ქვეშ მოექცევიან ის საწარმოები, რომლებსაც უფლება ექნებათ, მათ შორის 2026 წლის შემდეგაც ისარგებლონ უნივერსალური მიმწოდებლის ტარიფით. ამ რეფორმის შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზუსტად იმ ახალი ინსტიტუტების ამუშავება და გაშვება, როგორიც არის ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ბაზრის ორი სეგმენტის ოპერირებას ახორციელებს. ეს არის დღით ადრე ბაზარი და დღიური ბაზარი. მთავარი ცვლილება მაინც უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გადავდივართ საათობრივ ვაჭრობაზე. რაც ნიშნავს იმას რომ ფასი ჩამოყალიბდება ყოველსაათობრივად, ეს ჩემი აზრით, უნდა იყოს კარგი სტიმული როგორც მომხმარებლებისთვის ისე გენერატორებისთვის, რომ თავიანთი ქცევა შეცვალონ საფასო სიგნალების შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია თვითდისპეტჩერების პრინციპი. დღეს ცენტრალური დისპეტჩერების ფარგლებში, დისპეტჩერი აძლევს განკარულებას რომელმა სადგურმა რამდენი და როდის გამოიმუშაოს. ახალ მოდელში კი გადავდივართ თვითდისპეტჩერების პრინციპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ მომხმარებლები იღებენ გადაწყვეტილებას მათი ხვალინდელი გენერაციის ან მომხარების თაობაზე,“ - განმარტა ირინა მილორავამ.

Businesspartner