ენერგეტიკა
28/04/2021

ისრაელის ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოში მზის სადგურის მშენებლობას განიხილავს

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T-ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით.

თავის მხრივ, კორპორაცია ENER-T - ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს დაინტერესება, განახორციელოს ინვესტიცია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი, მზის ენერგიის ათვისებაში. აღინიშნა, რომ ENER-T - ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით და წარმოდგენილია აშშ - ის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ესპანეთის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე.

ENER-T - ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.

კორპორაციაში მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოახდინონ მეტი დივერსიფიკაცია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით და უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს.

იეჰუდა ჰარაცი, ENER-T -ის მფლობელი ამბობს, რომ კომპანია მსოფლიო ლიდერია განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

"წარმოდგენილები ვართ შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ინდოეთში, ისრაელში. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს საქართველოში, რადგან ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველო გადის ზრდის პერიოდს. მას შემდეგ, რაც ქვეყანა პანდემიიდან გამოვა, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ჩვენთვის და ვხედავთ ქვეყნის დიდ პოტენციალს. ჩვენ გვსურს ვიყოთ ამ ზრდის ნაწილი.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მზის ენერგიის მრავალი წყარო აქვს და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ენერგიას შეუძლია შეამციროს ნებისმიერი დეფიციტი, რომელსაც საქართველო განიცდის ელექტროენერგიის წარმოებაში ამ ეტაპზე და დაინტერესებულნი ვართ ინვესტიცია გავაკეთოთ 100 და მეტი მეგავატის სიმძლავრის მასშტაბის პროექტებში. ვფიქრობთ, ამ მასშტაბური პროექტების განხორციელება ეკონომიკურად უფრო მომგებიანი და მიზანშეწონილია.
ვფიქრობ, მთავარი საკითხი დივერსიფიკაცია უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე. იმპორტი ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ იმპორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სხვა ასპექტებიც აქვს. ასე რომ, თუ ქვეყანა მოახდენს სექტორის დივერსიფიკაციას მზის ენერგიით და იქნება უფრო დამოუკიდებელი ან თუნდაც სრულიად დამოუკიდებელი, ეს შესანიშნავი იქნება ქვეყნისთვის", - განმარტავს ჰარაცი.

Businesspartner