ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის სატესტო შედეგები აპრილის ბოლოს გვეცოდინება
„1 ივლისისთვის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება. საამისოდ გაკეთებულია ყველაფეერი, რაც დაგეგმილი გვქონდა“, - ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ რადიო გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით ხორციელდება. მათ შორის, დაწყებულია სატესტო რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველი იყო თეორიული ცოდნის მიწოდება მონაწილეებისთვის, გარკვეული ტრენინგები. ასევე, სავაჭრო პლატფორმასთან გაცნობა ბაზრის მონაწილეებისთვის და ზუსტად 7 აპრილს ჩვენ უკვე, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი დატესტვა დავიწყეთ მთელი სისტემის.
ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში უკვე მონაწილეობს არა მხოლოდ ენერგეტიკული ბირჟა, არამედ ბაზრის დანარჩენი ორი სეგმენტი. კერძოდ, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.
ამ პროცესში რეგისტრირებულია 41 მონაწილე. აქედან 28 მონაწილეობს მხოლოდ ბირჟაზე. დანარჩენები ბაზრის სხვა სეგმენტზე არიან რეგისტრირებულები და პრაქტიკულად 7 აპრილიდან დაიწყო ეს პროცესი. სამი სავაჭრო დღე დავთქვით - 13, 14 და 15 აპრილი, როდესაც სრულფასოვნად წარადგენენ მონაწილეები განაცხადს. თვის ბოლოს პირველი სატესტო რეჟიმის შედეგები უკვე ხელმისაწვდომი გვექნება“, - აღნიშნა მილორავამ.
მილორავამ განმარტა, რომ ბირჟის ამოქმედების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ ჩამოყალიბებდება კონკურენტული ფასი, მოხდება გენერაციის ობიექტების დერეგულირება და მათი კონკურენციაში გაშვება. შედეგი იქნება ასევე ის, რომ მივიღებთ სამართლიან ფასს.
მისი თქმით, ზოგადად, განვითარებულ ბაზრებზე, ცნობილია, რომ ბირჟა ხდება ის სეგმენტი, სადაც კონკურენტული და გაჭვირვალე ფასი ყალიბდება.
„ჩვენს შემთხვევაში ამ ყველაფრის გარანტია, მათ შორის, არის ის, რომ ჩვენს უკან დგას მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტული კომპანია „ნორდპული“, რომელიც ევროპის 15 ქვეყანაში ოპერირებს და ის ფასის წარმოქნის ალგორითმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ევროპული ალგორითმი.
მთავარია, ბაზრის მონაწილეები იყვნენ მზად ამ პროცესისთვის, რადგან ხშირად, ფიქრობენ, რომ კონკურენტული და თავისუფალი ბაზარი ნიშნავს ყველაფრის კეთების უფლებას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ბაზრის მონაწილე, რომელიც აკეთებს განაცხადს ბირჟაზე, ვალდებულია, დადოს გონივრული და დასაბუთებული განაცხადი“, -აღნიშნა მილორავამ.
ბაზრის მონიტორინგის თვალსაზრისით ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მარეგულირებელი კომისიის როლი. „მარეგულირებელი კომისია ხდება ის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც აკვირდება ამ პროცესს მუდმივად და ლაივ რეჟიმში და ყველა შესაძლო მანიპულაციის თაობაზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ეს ორი კომპონენტი - ბირჟაზე კვალიფიციური მონაწილეების დაშვება და ბაზრის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, არის გამჭვირვალე ბაზრის აუცილებელი წინაპირობა“, - განმარტა ბირჟის გენერალურმა დირექტორმა.
„ბიზნეს პარტნიორთან საუბარში მილორავა ელექტროენერგიის იმპორტის საკითხსაც შეეხეო. როგორც მან აღნიშნა, იმპორტი არის საქართველოს გამოწვევა. „ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ბაზარზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ ვართ ევროპული ენერგეტიკული სისტემის ნაწილი და გვყავს გვყავს ისეთი მეზობლები, რომლებთანაც არ გვაქვს ჰარმონიზებული კანონმდებლობა.
იდეალურ შემთხვევაში, ყველა მეზობელ ქვეყანასთან რომ გვქონდეს ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ჩავთვალოთ, რომ ისინი ზუსტად ისეთივე დოზით და ისეთივე წესებით მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ბაზარზე ვაჭრობაში, როგორც ადგილობრივი მონაწილეები.
ახლა იწერება ზუსტად ტრანსსასაზღვრო ბაზრის წესები, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს არსებულ რეალობას და სპეციფიური საკითხები იქნება პასუხგაცემული.
ფაქტი ერთია, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორები შემოდიან ზუსტად იგივე უფლებით და იგივე შესაძლებლობებით, როგორც ნებისმიერი ადგილობრივი, დავუშვათ მწარმოებელი“, - განაცხადა მილორავამ.
ბირჟაზე დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის საკითხზე საუბრისას მილორავამ აღნიშნა, რომ ზოგადად ფასის ფორმირება ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნებაენერგეტიკულ ბირჟაზე, მაგრამ კონკრეტულ განაცხადებზე ინფორმაცია, არ იქნება ღია.
„კონკრეტულ განაცხადებზე ინფორმაცია არ გასაჯაროვდება, იმიტომ, რომ ეს არის კომპანიების კომერციული საიდუმლოება. თუმცა, იგი ხელმისაწვდომი იქნება მარეგულირებელი კომისიისთვის და კომისია შეამოწმებს ხომ არ აქვს ადგილი ბაზარზე მანიპულირებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმპორტთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები თუ საჭირო გახდება, ეს იქნება სპეციალურ კანონმდებლობაში“, - განმარტა მილორავამ.