ენერგეტიკა
16/06/2021

ირინა მილორავა: 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობის დადგენილებით ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, გადადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რამაც ბაზრის ლიბერალიზაციას და ელექტროენერგიაზე ფასების მაქსიმალურად საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, უკვე კარგა ხანია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ექსპერტთა დაკვირვების საგანია.

„აიპრესმა“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას, რამდენიმე კითხვით მიმართა.

– ქალბატონო ირინა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ აეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ ენერგეტიკის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არც სექტორი, არც სახელმწიფო და არც ენერგეტიკული ბირჟა არ არის მზად 1 იანვარს სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ხომ არ ჩქარობთ და რა არის ამ სიჩქარის საფუძველი?

 მე როგორც მახსოვს, სხვა ტიპის შეფასება იყო. საუბარი იყო იმაზე, უფრო მეტხანს გვჭირდება თუ არა ტესტირება. სავაჭრო პლატფორმა, რომელზეც ხდება ვაჭრობა ბაზრის მონაწილეების მიერ, გამზადებულია. პლატფორმის მომწოდებელი არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ევროპული კომპანია „ნორდპული“, რომელიც ევროპის 16 ქვეყანაში ოპერირებს.

ეს სავაჭრო პლატფორმა უკვე მორგებულია საქართველოს რეალობას. ამ პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირებულია და მონაწილეობს უკვე 200-მდე მონაწილე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არა მარტო ფლობენ ვაჭრობის ტექნიკურ უნარებს, არამედ გააზრებულ, სწორი სტრატეგიით ჩამოყალიბებულ განაცხადებსაც განათავსებენ. თუმცა, ბირჟა არ არის ახალი ბაზრის ერთადერთი სეგმენტი. ბირჟასთან ერთად ვაჭრობა უნდა მოხდეს საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე. ასევე, საათობრივ ვაჭრობაზე სრულფასოვანი გადასვლისთვის მნიშვნელოვანია საბითუმო აღრიცხვა პასუხობდეს ახალი ბაზრის მოთხოვნებს.

ჩვენ, საბითუმო ბაზრის ოპერატორთან ერთად, აპრილის თვიდან დავიწყეთ ამ 3 მსხვილი კომპონენტის ერთობლივი ტესტირება. მონაწილე ვაჭრობს როგორც ბირჟაზე, ასევე – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. შემდეგ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები ბირჟის ოპერატორს მიერ იგზავნება საბალანსო ოპერატორთან, სადაც ასევე შედის მონაცემები ბაზრის მონაწილეების მიერ გაფორმებული ორმხრივი კონტრაქტების შესახებ. უკვე ფიზიკური მიწოდების დღეს საბალონსო ბაზრის ოპერატორი იღებს აღრიცხვის რეალურ მონაცემებს და ანგარიშობს ბაზრის მონაწილეთა უბალანსობას. ეს ერთობლივი ტესტირება სწორედ ვაჭრობის სრული ციკლს მოიცავს და დამატებითი 6 თვე ისევ ამ ტიპის ტესტირებას დაეთმობა.

– ზამთრის პერიოდში,მოგეხსენებათ, ჩვენი გენერაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. რა მიზეზით უნდა მოხდეს სწორედ ამ პერიოდში ბირჟის ამოქმედება? ეს ხელს ხომ არ შეუწყობს იმპორტიორებს გაზარდონ ტარიფი და საკუთარი კარნახით წარმართონ ბირჟის საქმიანობა, როდესაც აქაური გენერაციის სახით კონკურენტი არ ეყოლებათ?

 მესმის ეს შეშფოთება. საუბარია იმაზე, რომ არის თუ არა იდეალური პერიოდი ზამთარი ამ მოდელზე გადასვლისთვის. ჩემთვის, ერთადერთი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება 1 იანვარი იყოს პრობლემატური, არის ის, რომ იანვრის პირველ კვირაში ძირითადად სადღესასწაულო და უქმე დღეებია.

მაგრამ, თუ ჩვენ ცოტა ადრე დავიწყებთ რეალურ ტესტირებას და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რომ ყოველდღიური ტესტირება რეალურ გაშვებამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე დავიწყოთ, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვიდად, ყოველგვარი დამატებითი პრობლემის გარეშე, ამ თარიღისთვის რეალურ ვაჭრობაზე გადასვლა.

ზამთარი ყოველთვის დეფიციტურია, ეს იქნება 2021 წლის 1 იანვარი თუ 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს. ამიტომ სხვა ტიპის გადაწყვეტა სჭირდება ამ საკითხს. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის რეგულაციებმა უნდა უპასუხოს უნდა ამ გამოწვევას და დაიცვას ბაზარი არასწორი ფასებისგან.

-რატომ არ შეიძლება ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, ვთქვათ 1 მაისიდან, როდესაც ადგილობრივი გენერაცია სრულ კონკურენციას გაუწევს იმპორტიორებს და თქვენც გაცილებით მეტი დრო გექნებათ მომზადებისთვის? მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპარალამენტო მოსმენაზე, მინისტრის მოადგილემ, ბატონი დავით თვალაბეიშვილისგან მკაფიო პასუხი ვერ მოვისმინეთ ბირჟის რეალური ამოქმედების თარიღთან დაკავშირებით?

 ჩვენი ამოცანაა, ბაზრის ეს სეგმენტი შევახვედროთ მომზადებული იმ თარიღს, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ 1 ივლისისთვისაც ცალკე აღებული ბირჟის სეგმენტი იყო მზად. მაგრამ, გადაწყვეტილება, რომელი პერიოდია ოპტიმალური ზოგადად საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის, არის თუ არა საკმარისი ტესტირების ის ხანგრძლივობა, რასაც ბაზრები ერთობლივად გაივლის, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, სხვადასხვა დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ipress.ge

Businesspartner