ირაკლი იაშვილი: ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს
იმდენად დაგვიანებული არ არის რომ ჩიხიდან ვერ გამოვიდეთ, - ასე აფასებს ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პროცესში სიმართლე გამოსავალია.
"თუ სიმართლე იმარჯვებს - იმარჯვებს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში დავინახე ჯანსაღი პროტესტის ნაწილი, ადამიანები რეალურად განიცდიან ეკოლოგიურ საკითხებს. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია კომუნიკაცია, თუმცა ინვესტორის საქმე არაა ხალხთან ურთიერთობის მოგვარება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ე.წ გაიდლაინებია შესაქმნელი თუ როგორ იმოქმედოს სახელმწიფომ და ბიზნესმა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი იაშვილმა.
მისივე თქმით, როცა ინვესტორი მარტო რჩება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, ჩიხში შედის.
"მოთხოვნების ნაწილი პოლიტიკურია და არ მსურს ამის განხილვა. პროცესი უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. ჩემთვის ნამახვანჰესის, და ზოგადად მსგავსი პროექტების, მნიშვნელობა პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობაზე რაც უდრის ქვეყნის დამოუკიდებლობას.
პროცესის დაგვიანებამ გამოიწვია დამატებითი კითხვები და უნდობლობა, მაგრამ გვიანი არ არის ამის გამოსწორება", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ კომპანია ENKA-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა, სადაც განიხილეს პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ როგორც ბიზნეს ასოციაციები და არასამთავრობო სექტორი, ასევე დიპკორპუსი და მთავრობის წარმომადგენლები.