"ინვესტიციების წასახალისებლად სახელმწიფოს სხვა მექნიზმების მოფიქრება მოუწევს"
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის გახსნა გადავადდა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი კვლავ მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვის - ამის შესახებ „ენერგონიუსთან“ Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ამაზე სხვადასხვა ფუნდამეტური ფაქტორები მიუთითებს: მოთხოვნა მზარდია და მოთხოვნა-მიწოდებას შორის დეფიციტი არსებობს. სახეზეა გენერაციის დეფიციტი, ამ სიგნალს კი, ყველა ინვესტორი ხედავს, რაც, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, საკმარისი სტიმულია, რადგან, დეფიციტური ბაზარი ყოველთვის საინტერესოა ინვესტორებისთვის.
„მეორე მხრივ, ყველა ინვესტორი ფიქრობს, სად გაყიდოს თავისი პროდუქტი. ეს ბაზარი აჩვენებს, რომ პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის შემდეგ, ელექტროსადგურებს შეუძლიათ პირდაპირ მათზე გაყიდონ ელექტროენერგია. ახლა უფრო მაღალი მოთხოვნაა ამ ბაზარზე, ვიდრე ხუთი წლის წინ. თუნდაც, საბითუმო ბაზარზე ფასს შევხედოთ -თუნდაც ეს რომ აიღოს ინვესტორმა - თავისი გასაყიდი ელექტროენერგიის ფასის საორიენტაციოდ, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მან განახორციელოს ინვესტიცია“ - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.
რაც შეეხება ბაზრის გახსნის და ბირჟის ამოქმედების გადავადებას, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სხვა მექანიზმების მოფიქრება და შეთავაზება ინვესტიციების მასტიმულირებელი იქნება.
„მაინც, ყველა ინვესტორი ითხოვს დაცულობას. ბაზარი უნდა ყოფილიყო ის გამჭვირვალე მექანიზმი, რომელიც ამ შეგრძნებას შექმნიდა - რომ ფასი იქნებოდა არა ხელოვნური, არამედ თავისუფალი და გამჭვირვალე. მაგრამ ახლა, ბაზრის გადადების პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სხვა წამახალისებელი მექანიზმები იქნება ინვესტიციების მასტიმულირებელი.
მთავრობის პოზიცია არის რომ სიმძლავრის აუქციონებში შერჩეული სადგურების გაშვებას 2-3 წელი დასჭირდება. ამ პერიოდის შემდეგ მთავრობის გეგმა არის ბირჟის ამოქმედება. თითოეულ გადადებასთან ერთად, ნდობა ამ განაცხადის მიმართ ნელ-ნელა იკლებს. უკვე 6-ჯერ გადაიდო და ნდობაც საკმაოდ შერყეულია. შესაბამისად, ყველა ინვესტორს ექნება სურვილი რომ რაღაცით დაიზღვიოს თავი. მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ თუ ტარიფი არ იქნება მიბმული საბზრო ფასზე, იქნება ესკოს ფასზე ან შეიქმნება PPA-ის ალტერნატივა. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ჩანაწერი უნდა გაკეთდეს და შეთანხმება შედგეს, რათა შემდგომში ეს არ გახდეს დავის საგანი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის“ - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი „ენერგონიუსთან“.
energynews.ge