ენერგეტიკა
13/01/2021

Helios Energy სათავო ოფისს Zero Energy House კონცეფციით ააშენებს

Helios Energy სრულიად ენერგოდამოუკიდებელი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ ნაძალადევის რაიონში უკვე შეიძინა ამორტიზებული შენობა, სადაც სათავო ოფისთან ერთად საწყობიც მოეწყობა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა,  შენობა აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი იქნება და თავიდან ბოლომდე მზის ენერგიაზე იმუშავებს.

„გვინდა მაგალითი შევქმნათ, რომ Zero Energy House-ის მშენებელობა საქართველოშიც შესაძლებელია და ეს ყველას გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვეძებთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება მშენებლობის დაგეგმვაში, ასევე ხდება მასალების მოკვლევა, რომ მივიღოთ თბოეფექტურობის კონკრეტული კოეფიციენტი. სავარაუდოდ, დამხმარე კომპანიას საქართველოში ვერ ვიპოვით. საოფისე ფართი გვაქვს ნაძალადევის რაიონში და ყველაფერი მზად არის, მათ შორის ფინანსებიც, უბრალოდ ტექნოლოგიები არ გვიწყობს ხელს. მოგვიწევს რომელიმე ევროპული ქვეყნის არქიტექტორებთან კონსულტაცია, რომ სწორად დავგეგმოთ მშენებლობა", - ამბობს დარჯანია.

კომპანიის დამფუძნებელი პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯერ ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ინვესტიცია Helios Energy–ს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, Helios Energy კომპანია E-space-სთან ერთობლივ პროექტს მუშაობს, საქმე ეხება დასამუხტი ქსელის განვითარებას, კერძოდ, ის მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიით ელექტრომობილების დამუხტვას გულისხმობს. თორნიკე დარჯანიას თქმით, საჭიროა დამფინანსებელი პროტოტიპის შესაქმნელად.

„ერთი სადგური, რომელიც არის 6 კილოვატიანი, თავისი პარკინგით და დასამუხტი სადგურით დაახლოებით 10 000 დოლარამდე ჯდება. პროდუქტის პროტოტიპის შექმნისთვის დამფინანსებელს ვეძებთ, რომ გაფართოვდეს ქსელი და რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილები იმუხტებოდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით.

სოციალური ქსელებით, ვიდეო ჩართვებით ვცდილობთ მზის ენერგიაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს და ამ სფეროს პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ზუსტად ამ მიზნით ბაზარზე შემოვიტანეთ მზის ენერგიაზე მოსიარულე სათამაშო რობოტები, რომ ბავშვებში პატარა ასაკიდანვე გაგვეჩინა ინტერესი,“ – ამბობს თორნიკე დარჯანია.

 

Businesspartner