ენერგეტიკა
03/06/2021

Green Energy 14 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

Green Energy 14 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინესტიციაზე, რომელიც ქვემო ქართლში განხორციელდება. პროექტი თითქმის მზად არის, მოძიებულია ფინანსებიც და კომპანია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვისთვის ივნისის ბოლომდე მიმართავს.

Green Energy-ში ფიქრობენ, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურების გარეშე პროექტის დასრულებას 2022 წლის ბოლომდე შეძლებენ.

“Green energy დღეს თავისთვის აპროექტებს, 14 მეგავატიან სადგურს. მომზადების სტადიაში ვართ, შერჩეული გვაქვს კონკრეტული მიწის ტერიტორიაც ქვემო ქართლში და სადღაც 2 კვირაში უკვე მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს. ვფიქრობთ თუ ბიუროკრატიული პროცესები არ შეგვაფერხებს 2022 წლის ბოლოსთვის შევძლებთ პროექტის დასრულება. მოძიებული გვაქვს ფინანსები, პარტნიორი კომპანიები, ყველა მხრიდან არის მზაობა და იმედი გვაქვს, რომ სამინისტროც არ შეგვაფერხებს. მიწის ღირებულების გარეშე დაახლოებით 7 მილიონი დოლარია ინვესტიცია პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე ტერიტორია, რომელზეც მშენებლობას ვგეგმავთ ასევე მიერთების წერტილები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სადგურის სიმძლავრე დროთა განმავლობაში 50 მეგავატამდე გავზარდოთ. როგორც უკვე ვთქვი გვინდა, რომ პროექტი დავასრულოთ 2022 წლის ბოლომდე როცა უკვე შეგვეძლება ენერგეტიკულ ბირჟაზე ვივაჭროთ“, - აცხადებს Green energy-ს დამფუძნებელი დავით შვანგირაძე. 

აღსანიშნავია, რომ მზის პანელებზე მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს გადასცდა. ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს  ინფორმაციით, სექტორი გაჯანსაღებას აგრძელებს და მოლოდინები მომდევნო წლებისთვის უფრო პოზიტიურია. როგორც ირკვევა, მოთხოვნის დიდი ნაწილი საწარმოებზე მოდის. მათივე ინფორმაციით, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე პანელების მონტაჟისგან დროებით თავს იკავებენ HoReCa სექტორში.

„გავძელით, გადავლახეთ 2020 წელი. დღეს საკმაოდ პოზიტიური ციფრები გვაქვს. უკვე მიმდინარე პროექტები რაც დავაპროექტეთ არის დაახლოებით 6 მეგავატი აქედან ხელშეკრულების ეტაპზე არის 3 მეგავატზე მეტი. ეს გვაჩვენებს, რომ ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება. მეტიც მზარდია მოთხოვნის ტენდენცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამდე მოთხოვნა პანდემიამდე ძირითადად ჰორეკა სექტორისგან მოდიოდა და დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის განულებულია ტურიზმის აღდგენის შემდეგ შეკვეთების რიცხვი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ფასებს. მთელს მსოფლიოში მზის პანელები გაძვირებულია. ჯერჯერობით ჩვენ მოგების მარჯის შემცირების ხარჯზე ფასების გაზრდა არ დაგვიწყია და იმედი გვაქვს, რომ კურსის გამყარების შემთხვევაში ეს ასეც დარჩება“,- აღნიშნა დავით შვანგირაძემ. 

Green Energy ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ამ დრომდე მისი დადგმული ჯამური სიმძლავრე, რომელიც ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული 1 მეგავატს აღემატება. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 3 მეგავატამდე გაიზრდება.

 

Businesspartner