ენერგეტიკა
29/03/2021

"გენერაციის ობიექტების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოება და უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს"

ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყნის შიდა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, - ასე პასუხობს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მოსაზრებას, რომ ახალი ჰესების მთავარი დანიშნულება სხვა ქვეყნებისთვის ელექტროენენერგიის მიწოდებაა.

„ფიზიკის კანონებით ჩვენ ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, თუ ადგილობრივი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რომელიც ჩვენ ქსელშია ჩართული არის ჩვენი ქსელის სუბიექტი. ის ემორჩილება ადგილობრივ კანონმდებლობას, დისპეტჩერის განკარგულებებს და იმისათვის, რომ ახლადაშენებულმა თუ არსებულმა ელექტროსადგურებმა ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია, ამისთვის, პირველ რიგში, ქვეყანაში ბაზარი უნდა იყოს გაჯერებული, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა კომპანიას უფლება გაიტანოს ელექტროენერგია საზღვარგარეთ. ეს პროცესია გაწერილი, არის ქსელის და ბაზრის წესები. ესეც ერთ-ერთი მითია, რომელიც ჰესების ირგვლივ არის“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მან კიდევ ერთხელ  აღნიშნა, რომ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გარდა, ამას აქვს უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. ახალ ინვესტიციებს დატექნოლოგიებს სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს. 2017 წელს ექსპორტზე 685.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, 2018 წელს 588.58 მლნ კვტ.სთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 243.4 მლნ -მდე, ხოლო 2020 წელს 153.79 მლნ კვტ.სთ-მდე დაეცა.

Businesspartner