განახლებადი ენერგოწყაროების შეძენა უკვე შეღავათიანი აგროკრედიტით შეიძლება
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა.
პროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, - მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები უკვე დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს; ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას.
აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით.
პროექტში განხორციელებული ცვლილებებით, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა აგროლიზინგითაც შესაძლებელი გახდა.