ენერგეტიკა
22/06/2021

ფერი: ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შანსია

ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შესაძლებლობაა, მგონია, რომ რაჭველებს ამის გაგება არ უჭირთ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის.

“ონის მოსახლეობა მომხრეა რეგიონში ჰესი აშენდეს, პროტესტი კი რეალური ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ფიზიკურად სამუშაოები  იწყება. ჩვენი მხრივ ვცდილობთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროექტის განხორციელება დადებითი ეფექტის მომტანია. სწორედ ეს სიახლე იქნება რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შესაძლებლობა,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

მისი თქმით, კომპანია სამშენებლო ნებართვის მიღებას უკვე თვეებია ელოდება, რომლის შემდეგაც ონში ჰესების მშენებლობას დაიწყებს. კომპანია „ფერს“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნა უკვე მიღებული აქვს.

მისი განცხადებით, კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია.

კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. საწყის ეტაპზე  ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, შემდეგ მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

Businesspartner