"ეს კამპანია დააზარალებს ბიზნესს, ქვეყნის მყიფე ეკონომიკას" - ასოციაცია საწვავის ფასებზე
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟსუწოდებს. ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამუა, რომ კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები თუ ქმედებები, აზიანებს როგორც კერძო სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და მის მდგრადობას.
"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ ამა წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის ნავთობის ბირჟაზე გაზრდილია 10,49 დოლარით/ბარელზე ანუ 14,4%-ით და დღეისათვის შეადგენს 83,43 დოლარს/ბარელზე.
რაც შეეხება ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟას (New ork Mercantile Exchange) ანალოგიურ პერიოდში ნავთობის ფასი გაზრდილია 13,34 დოლარით/ბარელზე ანუ 19,4%-ით და დღეისათვის შეადგენს 81,93 დოლარს/ბარელზე.
ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ნავთობზე, რაც აიხსნება მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკების გახსნით. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, ამას ძირითადში განაპირობებს „ოპეკი +“-ის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად - მომხდარიყო ნავთობის მოპოვების გაზრდა, მ/წლის 4 ნოემბერს გამართულ „ოპეკი +“-ის შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში გაზრდასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ავტომატურად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე. S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი 1 სექტემბრიდან დღემდე გაზრდილია დაახლოებით 61.25 დოლარით/ტონაზე ანუ 8.8%-ით 760.25 დოლარამდე/ტონაზე; ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია დაახლოებით 124.5დოლარით/ტონაზე ანუ 21%-ით 717 დოლარამდე/ტონაზე.
აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საწვავის ფასები გაზრდილია საშუალოდ 10-15 თეთრით/ლიტრზე (3-4%-ით).
ამ ფონზე, ერთადერთი თეორიული ბერკეტი, რამაც შეიძლება მოახდინოს საწვავზე ფასების გარკვეული დასტაბილურება, არის ე.წ. „მცურავი“ აქციზის გადასახადის შემოღება, რაც გულისხმობს აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენციაა, რაც ყველა ოფიციალური სტრუქტურის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული. ბაზარზე ოპერირებს 30-მდე იმპორტიორი კომპანია, ფუნქციონირებს 1300-მდე ავტოგასამართი სადგური, რომელთაგან დაახლოებით 700 ერთეული ე.წ. არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურია. საწვავის ბაზარზე წარმოდგენილია ძალიან ბევრი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანია განსხვავებული ფასებით, პროდუქციის განსხვავებული ხარისხით, მომსახურეობის სერვისით. შესაბამისად, მომხმარებელს აქვს ძალიან დიდი არჩევანი.
ყოველივე ამის ფონზე სოციალურ მედიაში წარმოებული კამპანია (ნავთობპროდუქტების სფეროს წინააღმდეგ) დამაზიანებელია ინდუსტრიის ჯანსაღი განვითარებისათვის, კონკურენციის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნისათვის. აღნიშნული ქმედებები ცალსახად ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
ამასთან, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სექტორი, სადაც ყველა სიახლე, მათ შორის ფასთან და ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, მუდმივად მიეწოდება მედიას და შესაბამისად საზოგადოებას. ასევე, ყველამ იცის, რომ არასდროს არ შექმნილა კომუნიკაციის პრობლემა როგორც მედიის, ასევე საზოგადოების მხრიდან ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან.
სამწუხაროდ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე საწვავი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომლის ფასი ჩვენს ქვეყანაშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მსგავსი კამპანიის წარმოება შეიძლება ნებისმიერი ინდუსტრიის წინააღმდეგ - რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს ბიზნეს გარემოს, ჩვენი ქვეყნის ისედაც საკმაოდ მყიფე ეკონომიკას და თითოეულ ჩვენთაგანს“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.