ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე სემეკი სამომხმარებლო ტარიფებს თავიდან დაამტკიცებს
ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნამდე და ბირჟის ამოქმედებამდე, სემეკმა ახალი სამომხმარებლო ტარიფები უნდა დაამტკიცოს. როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს ფორმალური პროცესია და ტარიფების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„მარეგულირებელმა კომიასიამ უნდა გადაამტკიცოს ტარიფები ელექტროენერგეტიკის სექტორში, თუმცა, ვინაიდან გვაქვს გარკვეული პლიუსები, რა თქმა უნდა, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ეს იქნება ფორმალური პროცესი ბაზრის გახსნის წინ. კომისია გადაამტკიცებს ელექტროენერგიის ტარიფებს, ვინაიდან იცვლება ტარიფების სტრუქტურა“ - ამბობს დავით ნარმანია.
ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ორი დოკუმენტის მიღებაზე მუშაობს - ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებების დოკუმენტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც, მარეგულირებელი ჩარჩო სრულად მზად იქნება ბაზრის გახსნისთვის.
„ქსელის წესები ძალიან მნიშვნელოვანი ახალი, საკმაოდ დეტალური დოკუმენტია, რომელიც ქსელში, თავიდან ბოლომდე ელექტროენერგიის მოწოდებასთან, განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს. ქსელთან, დაბალასებასთან და უბალანსობებთან დაკვშირებით ყველაფერი ამ დოკუმენტშია დეტალურად გაწერილი“ - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.
რაც შეეხება რეფორმას, დავით ნარმანიას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კონკურენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ბაზარი რეალურ საფასო სიგნალებს მოგვცემს, რაც ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ეცოდინებათ რა ფასზე უნდა გააკეთონ სწორება. მერე მხრივ, მოხმარებელებსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასად ელექტროენერგიის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ კონკურენტულ გარემოში. ხოლო, რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, მათთვის ტარიფებს კვლავ მარეგულირებელი კომისია დაადგენს და ისინი ჩვენს მიერ სპეციალური ფორმულთ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ“ - აცხადებს დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორთან“.