"ელგრინი" ელექტროენერგიის იმპორტის 2021 წლის აპრილის ფასებს ასაჯაროებს
ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა“ 2021 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.
როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს 2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს.
2021 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 259.6 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან, 173.4 მილიონი კილოვატ/საათი -რუსეთიდან, 36.2 მილიონი კილოვატ/საათი- აზერბაიჯანიდან, ხოლო 50.1 მილიონი კილოვატ/საათი- თურქეთიდან შემოვიდა.
რუსეთიდან 173.4 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი სრულად მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.
36.2 მილიონი კილოვატ/საათიდან 23.1 მილიონიკილოვატ/საათი „ელგრინმა“ ესკოს 3.9/3.9/6.9 ცენტად მიაწოდა, ხოლო 13.1 მილიონი კილოვატ/საათის მიწოდებაზე გარიგება პირდაპირ მომხმარებლებთან შედგა.
გავრცელებულ პრეს-რელიზში კომპანია „ელგრინის“ წარმომადგენლები Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის გამოქვეყნებულ შედეგებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კვლევა მკაფიოდ ასახავს საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ტენდენციებს და რეალობას, მათ შორის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებისა და მოცულობების შეფასების კუთხით.
„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს მიერ არაერთხელ აღნიშნული ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იაფია როგორც თურქეთიდან, ასევე რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე“, - აღნიშნა ელგრინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა.
კომპანია “ელგრინი” ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.
2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიც ახორციელებს.