"ელგრინი" 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს
„ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – 3.9 ცენტი, ღამის საათებში – 3.9 ცენტი და დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში – 5.4 ცენტი. რაც შეეხება მოცულობაში სხვაობას – 47.2 მლნ კვტ/სთ – მთელი თვის განმავლობაში მიეწოდათ პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 12.9 მლნ კვტ/სთ-ის ტრანზიტი საქართველოს გავლით თურქეთში განხორციელდა.
თებერვალში აზერბაიჯანიდან 148.8 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი შედგა და ფასი, როგორც დღის, ისე ღამის და უქმე დღეების შემთხვევაში იყო სტაბილური 4,4 ცენტი. იმპორტირებულის ნაწილით, კერძოდ – 22.9 მილიონი კილოვატ/საათით პირდაპირ მომხმარებლები დაკმაყოფილდნენ, ხოლო 125.9 მილიონი კილოვატ/საათი მიეწოდა “ესკოს”.
რაც შეეხება მარტის თვეს, „ელგრინის“ მიერ მარტში აზერბაიჯანიდან განხორციელებული იმპორტის მოცულობამ 191.1 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. 1-15 მარტის პერიოდში ფასი თებერვლის ანალოგიურად სტაბილური 4,4 ცენტით იყო განსაზღვრული. 15-31 მარტის პერიოდში კი 3.9/3.9/6.5 (ღამე, უქმე, დღე) ცენტით განისაზღვრა. იმპორტირებული მოცულობის ნაწილი, კერძოდ – 34.4 მილიონი კილოვატ/საათი „ელგრინმა“ საქართველოში პირდაპირ მომხმარებლებს მიაწოდა.
აპრილში აზერბაიჯანიდან 36.2 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი განხორციელდა. აქედან 23.1 მილიონიკილოვატ/საათი „ელგრინმა“ ესკოს 3.9/3.9/6.9 ცენტად მიაწოდა, ხოლო 13.1 მილიონი კილოვატ/საათის მიწოდებაზე გარიგება პირდაპირ მომხმარებლებთან შედგა.
რაც შეეხება მაის-ივნისის პერიოდს, აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.
როგორც „ელ გრინის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, იმპორტის ყველა შემთხვევისას, ესკოს არჩევანი აზერბაიჯანული ენერგიის შესყიდვაზე, მისი ყველაზე იაფი ფასიდან გამომდინარეობდა. „ელგრინი“ პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საკონტრაქტო ფასს ასაჯაროებს.
კომპანია “ელგრინი” ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს. 2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიც ახორციელებს.