"ექსპორტიორობამდე მისასვლელი გზა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საკუთარი გენერაციით დაბალანსებაზე გადის"
„საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური განვითარების მაღალი ხარისხის მიღწევის გზაზე მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ენერგეტიკამ მოთხოვნილება საკუთარი გენერაციით დააბალანსოს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყუეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა "რეზპონანსთამ" განაცხადა.
„ელგრინი“, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანიდან საქართველოში ახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტს.
მისი თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რასაც საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს ელის, განვითარების სასურველ ტემპს ვერაფრით უზრუნველყოფს. „ჩვენ ველოდებით დაახლოებით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მომავალი წლიდან. წელს ჯერ კიდევ პანდემიაა და საკმაოდ რთული პერიოდია. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკას ძალიან ნელა განავითარებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გენერაციის მსხვილი ობიექტების გარეშე, შენარჩუნდება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დაახლოებით 5 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მაქსიმუმ 40%-ის შემოსავალი გაიზრდება და მინიმუმ 60%-ის შემოსავალი შემცირდება.ბუნებრივია, უფრო დიდი ალბათობით შემცირდება იმათი შემოსავლები, ვინც ისედაც სიღარიბის ნიშნულს დაბლა არიან. ამას არც დიდი ეკონომისტობა სჭირდება და არც წინასწარმეტყველის უნარი. დიახ, ამ ტემპით, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები უფრო გაღარიბდებიან. შედეგად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს დატოვებას გადაწყვეტს, რაც სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. სამწუხაროდ, ეს შედეგი იქნება საქართველოში, თუ უარს ვიტყვით მსხვილი პროექტების, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
მისი განცახადებით, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს საკუთარი გენერაციის ობიექტებით და ეს შეუძლებელია მსხვილი ობიექტების მშენებლობისა და განვითარების გარეშე.
„წელს, მაგალითად ,ქვეყანა დაახლოებით 2 მილიარდი კილოვატსაათის იმპორტს განახორციელებს და მომავალ წელსაც მილიარდ ორასი მილიონი კილოვატსაათის იმპორტს ველოდებით. შესაბამისად, ქვეყნის უპირველესი ამოცანაა, ეს იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივი გენერაციით და შემდეგ, ბუნებრივია, საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ის რომ ძირითადად ჰიდროელექტროსადგურები გვაქვს და ზაფხულში ბევრად მეტია გამომუშავება, ვიდრე ზამთარში, ჩვენ ამ იმპორტის არ უნდა შეგვეშინდეს. ზაფხულის ელექტროენერგია გაიყიდება თურქეთის ან სხვა ბაზრებზე და შესაბამისად არაა პრობლემა თუ მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი ზამთარში ჩვენთან განხორციელდება.
მაგრამ მთავარია გვესმოდეს, - მილიარდობით კილოვატსაათის, იმპორტი ნიშნავს იმას, რომ მისი შესყიდვისთვის აუცილებელი თანხა, მომავალშიც თავიდან ბოლომდე ჩვენს ეკონომიკას დააკლდება და ნებისმიერი რაოდენობის ექსპორტი კი ნიშნავს, რომ ეს ფული საქართველოს ეკონომიკის ზრდას მოხმარდება.
საბოლოო ჯამში, საქართველო უნდა გადაიქცეს ელექტროენერგიის ექსპორტიორად. მაგრამ მანამდე უნდა ვიფიქროთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საკუთარი გენერაციით დაბალანსებაზე. მარტივია -ექსპორტიორობამდე მისასვლელი გზა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საკუთარი გენერაციით დაბალანსებაზე გადის“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.