ენერგეტიკა
26/09/2023

CFD მექანიზმის ფარგლებში, მორიგი აუქციონი ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოცხადდება

CFD მექანიზმის ფარგლებში მორიგი აუქციონი ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოცხადდება. მეორე აუქციონზე მთავრობა ექვსასი მეგავატი სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებს გამოიტანს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ქარის, მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰესებთან ერთად, ამჯერად აუქციონზე გამოვა ე.წ. მარეგულირებელი ჰესებიც, რის მიმართაც ენერგეტიკის სექტორში ბიზნესის მხრიდან მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია.

„მეორე აუქციონის სიმძლავრე იქნება დაახლოებით 600 მეგავატი. ამ 600 მეგავატში, რა თქმა უნდა, საშუალება იქნება, რომ მარეგულირებელი სიმძლავრეც გამოქვეყნდეს. სხვა იმ სიმძლავრეებთან ერთად, რაც აქამდე იყო გამოქვეყნებული, ვგულისხმობ ჰიდროს, მოდინებაზე არსებულ ელექტროსადგურებსა და მზისა და ქარის ელექტროსადგურებს.“-აღნიშნა რომეო მიქატაძემ.

რაც შეეხება პირველი აუქციონის ფარგლებში გამარჯვებულ კომპანიებთან მემორანდუმების გაფორმების საკითხს, მათ ნაწილთან ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა რომეო მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ პროცესი დასრულდება.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის ხელშემწყობ პირველ CFD აუქციონში, 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა. პირველ აუქციონზე მთავრობამ 300 მგვტ სიმძლავრის პროექტები გამოიტანა.