ენერგეტიკა
21/06/2021

"ბირჟის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1 იანვარს გარიგებებში სრულფასოვანი ჩართვა გაუჭირდებათ"

„მიუხედავად  ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბირჟა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მისი მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარიგებებში, მინდა გითხრათ, რომ  რეალურად არათუ ახლა, არამედ ექვსი თვის შემდეგაც გაუჭირდებათ  ბირჟის მონაწილეებს სავაჭრო გარიგებებში სრულფასოვნად ჩართვა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

აფბას ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ბირჟაზე სატესტო  გარიგებებში მხოლოდ 56 კომპანიაა ჩართული, ხოლო  ბირჟის დანარჩენი მონაწილენი ჯერ კიდევ არ არიან მზად, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ გარიგებებში. კაპანაძის განცხადებით, იგი პირადად შეხვდა ბირჟის მონაწილეებს, რომლებიც არსებულ უამრავ პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვერც 2021 წლის 1 იანვარს შეძლებენ სრულფასოვნად ჩაერთონ სავაჭრო გარიგებებში.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბირჟის მონაწილეებთან, რომლებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის გამოც არც ახლა არიან მზად, რომ ჩაერთონ სატესტო რეჟიმში და, სავარაუდოდ, ვერც 6 თვის შემდეგ შეძლებენ რეალურ ვაჭრობებში ჩართვას, თუკი ბირჟა მართლაც ამოქმედდება 1 იანვარს.

არ უარვყოფთ, რომ ბირჟის მენეჯმენტის მხრიდან ბევრი რამ რეალურად გაკეთდა, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და ისიც ფაქტია, რომ საქმე შედეგით იზომება. ამ შემთხვევაში კი შედეგი ბირჟის სრულფასოვანი და უხარვეზო ამოქმედებაა და არა არა სატესტო რეჟიმში მუშაობა.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ჩამონადენზე მომუშავე მცირე ჰესები. მათ არ აქვს  შესაბამისი აღჭურვილობა (ეგრეთწოდებული მზომები), რომ დეტალურად შეძლონ  მიწოდების საკუთარი შესაძლებლობების ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად, საქნქციებისთვის თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.

ესეც რომ არ იყოს, ზამთრის პერიოდში ბირჟის ამოქმედება, როცა ამისთვის მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან მზად და ადგილობრივი გენერაცია პროცესში დაიჩაგრება, მიგვაჩნია შეცდომად. ჩვენ ვთვლით, რომ ბირჟა იქმნება, პირველ რიგში, სწორედ  ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დასამკვიდრებლად და ამ გარემოში ადგილობრივი გენერაციის  ობიექტების საუკეთესო ინტერესების ობიექტურად უზრუნველსაყოფად.

ამდენად, ცალსახაა, რომ ბირჟა სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს მხოლოდ მაშინ, როცა მისი ყველა მონაწილისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი მოქმედების წესები ჩამოყალიბდება და უსამართლოდ პრივილეგირებული არცერთი მონაწილე არ იქნება. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, არ გვაქვს მოლოდინი, რომ  ასეთი ვითარება 2022 წლის 1 იანვრისთვის გვექნება.“, – აღნიშნავს კაპანაძე.

აფბას ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ოპტიმალური იქნება, თუკი არა ექვსი თვით, ანუ 1 იანვრამდე, არამედ მინიმუმ კიდევ ერთი წლით, ანუ 2021 წლის 1 ივლისამდე გადავადდება ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. „თავის მხრივ, ბირჟის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როდესაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, მისი ყველა მონაწილე სრულფასოვნად იყოს მზად სავაჭრო გარიგებებში ჩასართავად“, – განაცხადა კაპანაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

Businesspartner