ენერგეტიკა
18/10/2021

ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბენეფიტი საქართველოს - თურქეთმა აზერბაიჯანთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

თურქეთმა აზერბაიჯანთან თერთმეტი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ახალი კონტრაქტით, ქვეყანა 2024 წლამდე 11 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიიღებს.

ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს უფლება აქვს შეისყიდოს სამხრეთ კავკასიური მილსადენის საშუალებით ტრანზიტით გატარებულ ბუნებრივი გაზის 5%-მდე მოცულობის გაზი, საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის განმარტებით, შაჰ-დენიზის პირველის ფაზით, სამხრეთ კავკასიური მილსადენით გადიოდა 6.6 მლრდ კუბური მეტრი გაზი, საიდანაც 5%-ის შეძენა შეღავათიანი ფასით იყო შესაძლებელი.

„რაც შეეხება თურქეთის ახალ კონტრაქტს, რომლითაც აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით 11 მლრდ კუბური მეტრი გაზი უნდა მიიღოს, თურქეთმა ჩაანაცვლა 2021 წლამდე არსებული კონტრაქტი, რომელიც 6.6 მლრდ კუბრური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობდა. ეს შეთანხმება მოსალოდნელი იყო და უკვე დაპროგნიზებული იყო ჩვენს მიერ. შესაბამისად მომდევნო წლებში ჯამური ტრანზიტის ზრდისას გაიზრდება ჩვენი 5%-იანი ოფციის მოცულობების შეძენა,“ - აღნიშნავენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

სპეციალისტების შეფასებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმ სისტემაში რომელიც აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. შესაბამისად, ენრერგეტიკოსების თქმით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე და იმ პირობებში, როცა ევროპაში ბუნებრივი გაზის საფასური მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, სამხრეთის გაზის დერეფნის როლის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

Businesspartner