აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა
თებერვლის თვეში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია კიდევ უფრო გაიაფდა. ამის შესახებ იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
მისი თქმით, თუკი „ესკომ“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) „ელგრინისგან“ იანვარში ელექტროენერგია შეისყიდა 3,9/3,9/5,4, ცენტად (ღამე/უქმე/დღე), თებერვალში ტარიფი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა სტაბილური ფასი - 4,4 /4,4/4,4.
აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტსაც, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. “ამ მომენტმა კიდევ უფრო განგვიმტკიცა მოსაზრება, რომ ამ ბოლო თვეებში ელექტროენერგიის იმპორტის საქართველოს ბაზარზე „ელგრინის“ და აზერბაიჯანის კონკურენტი სწორედ თურქეთია და არა რუსეთი. ეს კონკურენციაც იყო იმ გადაწყვეტილების ინსპირაცია, რომ ჩვენ თებერვალში „ესკოს“ შევთავაზეთ კვლავ ყველაზე მომხიბვლელი საფასო წინადადება, ანუ საკონტრაქტო ფასი - სტაბილური 4.4 ცენტი“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც კომპანია „ელგრინის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს ენერგოსისტემისთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეთავაზებაა, ამდენად, კომპანიას საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს საზოგადოებას შესთავაზოს ანგარიში ქვეყანაში ელექტროენერგიის მის მიერ განხორციელებული იმპორტის თვალსაზრისით.
ცნობისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან.
რუსეთიდან იმპორტი - 258 მილიონი კილოვატ/საათი სრულად მოხმარდა დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც „ესკოს“ და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.
თებერვალში რუსეთიდან იმპორტის „ესკოსთვის“ შეთავაზებული ფასი იანვართან შედარებით შემცირდა და შეადგინა ღამით 3.5, უქმე დღეებში 3.7, ხოლო დღისით 7.8 ცენტი. თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4.595 ცენტს. რაც შეეხება „ელგრინის“ მიერ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასო წინადადება იყო შემდეგი - სტაბილური ფასი 4.4 ცენტის ოდენობით.
ამდენად, თუკი იანვარში „ელგრინის“ ფასი იყო 3,9/3,9/5,4, თებერვალში იგი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა 4,4 /4,4 / 4,4.
ისიც აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს „ესკომ“ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ თებერვალი ზვავსაშიში პერიოდია და რუსეთიდან მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ხაზით იმპორტი ძალიან სარისკოა.
აზერბაიჯანიდან „ელგრინის“ მიერ იმპორტირებული 148.8 მილიონი კილოვატ/საათიდან ნაწილი, კერძოდ - 22.9 მილიონი კილოვატ/საათი მიეწოდა პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 125.9 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი განახორციელა „ესკომ“.
რაც შეეხება თურქეთიდან მოწოდებულ ენერგიას 6.9 მილიონი კილოვატ/საათის ოდენობით, იგი თებერვლის ბოლოს განხორციელდა ავარიულ რეჟიმში გაცვლის პრინციპით და ელექტროენერგიის ეს მოცულობა დაუბრუნდა თურქეთის ენერგოსისტემას მარტის პირველ ნახევარში.