ენერგეტიკა
04/03/2021

ანდრია გვიდიანი: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთიდან

ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფასს არეგულირებს და ადგენს ბაზარი და ჩვენ ელექტროენერგია უნდა შემოვიტანოთ იმ ქვეყნიდან, საიდანაც უფრო იაფი დაგვიჯდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

გვიდიანმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარს არ ჰყოფნის საკუთარი გენერაცია და ქვეყანას უხდება საჭირო ენერგიის საშუალოდ 12-15%-ის იმპორტირება.

2015 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის იმპორტის ქართულ ბაზარზე მონოპოლისტ რუსეთს დაემატა აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტის შესაძლებლობაც, სტატიკური სურათი შეიცვალა და წლითი-წლობით ელექტროენერგიის იმპორტის სტრუქტურაში უკვე აზერბაიჯანი ლიდერობს. „მარტივი ჭეშმარიტებაა, სექტორმა დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, უნდა მიიღოს იმ მომენტისთვის ყველაზე იაფი ელექტროენერგია. კარგია, რომ ეს ასეც ხდება. მაგალითისთვის, იანვრის თვეში, როცა რუსეთში ჯამურად ნახევარ თვეზე მეტი უქმე დღეა, იქედან ელექტროენერგიის იმპორტი იაფია და შესაბამისად, ესკო (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) სწორედ რუსეთიდან იმპორტის განმახორციელებელ კომპანიებთან აფორმებს შესყიდვის ხელშეკრულებას.

სხვა თვეებში, რუსულ ელ/ენერგიას ფასით აზერბაიჯანიდან იმპორტირებული სჯობნის და ესკოც აზერბაიჯანიდან იმპორტის განმახორციელებელ კომპანიათან თანამშრომლობს. ზოგადად, ფაქტია, რომ მიმდინარე ეტაპზე და სავარაუდოდ ხილულ პერსპექტივაშიც, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფი იქნება, ვიდრე რუსეთიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა ელექტროენერგიის იმპორტის ქართული ბაზრის დივერსიფიკაციისთვის“, - აღნიშნა გვიდიანმა.

მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, ზოგადად, შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მაგალითად 2021 წლის იანვრის თვეში რუსული ელექტროენერგიის ფასი (იმპორტიორი „ინტერრაო საქართველო“) კილოვატზე შეგვიძლია ასე გამოვხატოთ - 4.1/4.1/7.8 -ანუ ღამით და უქმეებზე 4.1. ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 7.8 ცენტი. აზერბაიჯანიდან იმპორტიორის ფასები (იმპორტიორი „ელ გრინი“) კი შეადგენდა 3.9/3.9/5.4 ცენტს ანუ -ანუ ღამით და უქმეებზე 3.9 ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 5.4 ცენტი. ამ რიცხვების შედარებით, ფაქტია,რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთიდან.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესკო იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, მათ შორის ახლახანს ჩამოყალიბებული ენერგეტიკული ბირჟა, მათ უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვა- გაყიდვის პროცესის სრული და მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს იქნება სწორი განვითარება და ეს სჭირდება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მომავალს“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.