ენერგეტიკა
18/06/2021

აფბას პრეზიდენტი: ბირჟის ხელმძღვანელობა მზად არ არის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის

„არამარტო მე ვფიქრობ, რომ 1 იანვისთვის „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედება ვერ მოესწრება, არამედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმაც, საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა „ან იქნება, ან არა“. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ბირჟის ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და მინიმუმ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაავადებს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა“ გიორგი კაპანაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

აფბას ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც ჩვენ ვსუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიცაა ენერგეტიკული ბირჟის კომპონენტის ბაზარზე დამკვიდრება, არ შეიძლება რამდენჯერმე ხდებოდეს მისი ამოქმედებისთვის განსაზღვრული მომენტის  გადავადება, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითი სიგნალი იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორისთვის, ინვესტორებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის.

„ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობამ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და დაასახელოს ისეთი ვადები, რომლის ფარგლებშიც რეალურად მოახერხებს რეფორმის განხორციელებას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათთვის 1 წლიანი პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა, ახლა საუბარია 6 თვიან გადავადებაზე, რაც დარწმუნებული ვარ, ასევე საკმაოდ მოკლე ვადაა და უნდა ველოდოთ კიდევ ერთ გადავადებას. ეს ფაქტები კი საკმაოდ უარყოფითად აისახება კერძო სექტორზე, ვინაიდან ისინი ემზადებიან აღნიშნული რეფორმისთვის, ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს და შედეგად იღებენ გაურკვეველი ვადით გადავადებულ რეფორმას.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელი პირების მხრიდან დაიწყოს საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის გამოც ვერ მოხერხდა ბირჟის დროულად ამოქმედება და შეირჩეს ისეთი გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც რეალური გახდება ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად და გამართულად ამოქმედება“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

Businesspartner