აფბა: ქართველი ნავთობიმპორტიორების ფასები საერთაშორისო ტრენდს აცდენილია
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” შეფასებით, საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებული მაღალი ფასები შემაშფოთებელია. აფბას საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ნავთობიმპორტიორების მიერ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა „გაყინული“ საწვავის ფასები და მასზე, გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ მოქმედებს რიგი გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები და საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აფბა მუდმივად აკვირდება საქართველოს საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და გასულ თვესაც შესთავაზა საზოგადოებას შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ ივლისის თვეში იყო შესაძლებელი ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში საწვავზე ფასები, არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.
კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე, გასულ 3 თვეში, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა საშუალოდ 7.6%-ით. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი ამ დროს საქართველოში გაძვირდა 7.5%-ით. ამავე პერიოდში, თითქმის 11%-ით გამყარდა ეროვნული ვალუტა (ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი), რასაც ლოგიკურად უნდა გაებათილებინა ნავთობის გლობალური გაძვირება და შეეჩერებინა საწვავის ფასის ზრდა. მეტიც, კურსის ასეთ გამყარებას შეეძლო საწვავის ფასის გაიაფებაც კი ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ამის ნაცვლად, ზემოთ ხსენებულ პერიოდში, ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა ფასები საშუალოდ 5 ჯერ დაკორექტირეს ზრდის მიმართულებით და საბოლოო ჯამში ფასი გაზარდეს 19-22 თეთრით.
რაც შეეხება მიმდინარე რეალობას და არსებულ ტენდენციებს. დღეს, ქართული საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მაღალი ფასები კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.
მიმდინარე პერიოდში, ნავთობის ფასი სწრაფად იკლებს და ის უკვე ჩამოსცდა 65$-ს ბარელზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტენდენციებს ქართულ ბაზარზე ასახვისთვის დრო სჭირდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოლო ერთი თვის ტრენდი. რომლის მიხედვითაც, WTI-ს ნავთობის ფასი საშუალოდ 10 დოლარით არის შემცირებული, რასაც ემატება, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტის თითქმის 3 პუნქტით გამყარება. ამის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი არ მცირდება და ის 3.20 ლარიან ნიშნულს აჭარბებს ერთ ლიტრზე, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
ზემოთ ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე „აფბა“-ში მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებული ფასები საგანგაშოა, ის არ ასახავს საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას და აცდენილია ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებს”, – ნათქვამია აფბას გავრცელებულ განცხადებაში.