აფბა: ესკო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს მალავს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) აცხადებს, რომ „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) სხვადასხვა მეთოდებით მანიპულირებს და ყველა მეთოდით ცდილობს, საზოგადოებას რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ფასი დაუმალოს.
აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციულ ოპერატორს“ (ესკო) მოუწოდებს დაასრულოს გაუმჭვირვალე პოლიტიკა, ციფრებით და მოცულობებით მანიპულაცია და იმპორტირებული ელქტროენერგიის დეტალური ტარიფები საჯარო გახადოს.
აფბა მეოთხე თვეა უშედეგოდ ცდილობს ესკოსგან მიიღოს ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) შესახებ და მიუხედავად არაერთი საჯარო მიმართვისა, ესკო ამ ინფორმაციას დღემდე მალავს.
თუმცა, როგორც ბოლო დღეებში აღმოვაჩინეთ, ის რაც ესკოს მიერ დამალულია არასამთავრობო სექტორისთვის, ხელმისაწვდომი ყოფილა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გაასაჯაროვა ესკოსგან მიღებული წერილობითი პასუხი, 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების შესახებ.
ამ წერილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესკომ პარლამენტის დეპუტატსაც დაუმალა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და ფასი და მას მხოლოდ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
როგორც ჩანს, ესკო არც პარლამენტის წევრის მიმართ ერიდება მანიპულაციებს და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დამალოს რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ფასი.
რუსეთიდან იმპორტის ფასის მიუწოდებლობას, ესკო ხსნის იმით, რომ რუსეთიდან იმპორტს ახორციელებს არა თავად ესკო, არამედ კომპანია „ინტერ-რაო საქართველო“. ესკო ერთი მხრივ, სიმართლეს ამბობს, ის ნამდვილად არ ანხორციელებს რუსეთიდან პირდაპირ იმპორტს და იმპორტიორი კერძო კომპანიაა, მაგრამ ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაშიც, იმპორტიორები კერძო კომპანიები არიან.
სახელმწიფო კომპანია „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ – ესკო, გაუგებარი მიზეზით მალავს რუსეთიდან იმპორტიორი კერძო კომპანიის იმპორტის დეტალურ მონაცემებს და უპრობლემოდ აქვეყნებს აზერბაიჯანიდან იმპორტიორი კომპანიის მონაცემებს. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი ქვეყნიდან, მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე საზოგადოებას ქონდეს მკაფიო და გამჭვირვალე ინფორმაცია, რათა ამ სფეროში სრულიად გამოირიცხოს საეჭვო გარიგებებისა და კორუფციის რისკის ალბათობა”, – ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.