აფბა: ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობისგან საპარლამენტო მოსმენაზე მკაფიო განმარტებებს ველით
არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამადროულად, აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენაზე, გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, რეალურად რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება 6 თვით, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად მიღწევადია თუ არა 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება. – ამის შესახებ აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პირველმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 1 ივლისს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ვერ ხერხდებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენის დანიშვნაც მოითხოვა. ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა შედეგი და საკითხთან დაკავშირებით, 7 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართება. მოსმენაზე, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე თანამომხსენებლად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი, ქ-ნი ირინა მილორავა არის განსაზღვრული.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, თუ რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევა 6 თვით, რა მიმართულებით არსებობდა ჩავარდნები, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ 6 თვის განმავლობაში და რეალურად, რამდენად შესაძლებელია 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.
აფბას შეფასებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმისას უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული ბირჟის კომპონენტი. მისმა სრულფასოვანმა ამოქმედებამ ბაზარზე უნდა მოიტანოს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა ელექტროენერგიით ვაჭრობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა.
შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ბირჟის ხელმძღვანელობას ღრმად დაფიქრება მართებს, შეძლებენ თუ არა გაცხადებულ ვადებში ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების პროცესის მართვას, მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს კატასტროფული შედეგი და დათქმულ ვადებში ვერ ჩატევის პრეცედენტი. დღემდე, ბირჟის მონაწილეებისა და პოტენციური დილერების წინაშე უამრავი გამოწვევა, პრობლემა თუ პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის. ადგილობრივი ჰესებისთვის, განსაკუთრებით მცირე ჰესებისთვის, შეუძლებელია პროგნოზირება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მზომები, აღრიცხვის სისტემები. პრობლემაა ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაში. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოათამაშეების ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში. არსებობს სხვა კითხვებიც.
აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, მკაფიო პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას და არ მოხდეს არცერთი ჩავრდნილი საკითხის პანდემიაზე გადაბრალება. ასევე, აფბა თვლის, რომ „ენერგეტიკულმა ბირჟამ“ უნდა წარმოადგინოს დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება საიმისოდ, რომ 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება სრულფასოვნად მოხერხდეს, რათა კიდევ ერთხელ არ მოგვიწიოს რეფორმის დროში გადავადება და უფრო მეტად არ დავაზარალოთ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროენერგეტიკული სექტორი“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.