აფბა ელექტოენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას იწყებს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლას.
როგორც აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში გადამცემი ქსელის განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ამდენად, ორგანიზაციამ საჭიროდ მიიჩნია დეტალურად იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღნიშნულის ფარგლებში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი (არსებობის შემთხვევაში შეჩერებული) პროექტების ნუსხა იმის მითითებით, თუ როდის დაიწყო და როდის უნდა დასრულდეს პროექტი; ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.