აფბა: ეკონომიკის სამინისტრომ ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის დე-ფაქტო აფხაზეთთან გაყოფაზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს
არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ,
აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენეთა ასოციაციის“ პოზიციით, ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი, საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, დეფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. გასულ და მიმდინარე წელს ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები. როგორც ირკვევა, დეფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე.
აფბას შეფასებით, თუკი მოხდება 60/40-ზე პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებას დააბალასება მოხერხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე.