ADB საქართველოს ენერგორეფორმებისთვის €87,5 მლნ-ის სესხს გამოუყოფს
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ენერგორეფორმებისთვის €87,5 მლნ-ის სესხს გამოუყოფს, - საქართველოსა და ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაუჭირა.
პროექტის მიზანია ელექტროგადამცემი ხაზების სექტორში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საოპერაციო, ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება.
„აზიის განვითარების ბანკი უკვე 3 წელია გვეხმარება ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რეფორმების კუთხით. წარმოდგენილ ტრანშთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილში რეფორმის განხორციელება, სახელმწიფო ელექტროსისტემის გამართული ფუნქციონირება იყო, რაც თავის თავში მის კორპორატიზაციას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსისტემა 13 წლიანი რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოვიდა. შეირჩა ელექტროსისტემის დამოუკიდებელ მმართველთა საბჭო, რომელმაც კორპორაციული მართვისთვის საჭირო დოკუმენტები დაამტკიცა და რის შემდგომაც, აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
მისი განმარტებით, სესხი 15 წლიანია, 3 წელი შეღავათიანი, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია Euribor-ზე და ამჟამად არსებული განაკვეთით არის უპროცენტო. აღნიშნული ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს წარმოადგენს და იგი პირდაპირ, სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.