ზუგდიდის მერიის კუთვნილ მანქანებში საწვავი გადაჭარბებით 863-ჯერ ჩაასხეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ეს ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო მოხდა, რის შემდეგადაც მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება.
მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 25.7% და 13.9% დააკლდა.
ხარვეზები იყო სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ერთ შემთხვევაში სატენდერო მოთხოვნები განისაზღვრა კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, მეორე შემთხვევაში კი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების გამო არ შეწყვიტა ტენდერი.
შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდების ვადის დარღვევისას, შემსრულებელ კომპანიებს არ დაარიცხა პირგასამტეხლო და დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების დასრულების ვადა. შედეგად, მოსახლეობისთვის პროექტების მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში, ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი ვერ მიიღო კუთვნილი 387.5 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტში აღნიშნულია, რომ უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 4,743.2 ათასი ლარის შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია.
მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.
დარღვევები გამოვლინდა ავტოპარკის საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის ნაწილშიც. 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.
აუდიტის მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601.2 ათასი ლარის საწვავი, მათ შორის: 228.5 ათასი ლიტრი ბენზინი, ღირებულება − 442.5 ათასი ლარი და 77 ათასი ლიტრი დიზელი, ღირებულება − 158.7 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის „აგაი“ სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.
ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის 71,908 ლიტრი საწვავი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე.
მუნიციპალიტეტი აერთიანებს 53 ადმინისტრაციულ ერთეულს, 4 თვითმმართველი ერთეულის ფართობია 423 კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნობა კი შეადგენს 105.5 ათასს.
დოკუმენტის მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები − 19,111.6 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურული განვითარება − 66,836.0 ათასი ლარი; განათლება − 20,083.4 ათასი ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები − 7,799.0 ათასი ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა − 7,138.3 ათასი ლარი.