ეკონომიკა
06/10/2021

WB: კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4%-მდე.

"პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული",- აღნიშნულია კვლევაში. 

სპეციალური ანალიტიკური ანგარიში "კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19 -ის შემდეგ"  მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვანად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს  გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ.

"კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე  რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვების და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინ აქტივობის და დისტანციური საქმიანობის საშუალებით",- ნათქვამია კვლევაში. 

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ-კუნტის თქმით, კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლისასთან პარალელურად.

"ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, -აღნიშნა დემირგუჩ - კუნტმა.

მიმოხილვაში ნათქვამია, რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის,  კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია.